ტრაგედია შოვში - საძიებო სამუშაოების არეალი გაფართოვდა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaმაშველები შოვის ტრაგედიის ადგილზე
მაშველები შოვის ტრაგედიის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
გამოწერა
სამაშველო ოპერაცია მეექვსე დღეა მიმდინარეობს.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში საძიებო სამუშაოების არეალი გაფართოვდა, მაშველები ამ დროისათვის ცხრა ადგილზე მუშაობენ, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით – 16-ს), მათ შორის ბავშვებს.
მაშველებმა ტერიტორიის დამუშავება ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიაზე დილიდან დაიწყეს. ამ დროისათვის მნიშვნელოვანია მდინარე ჭანჭახისთვის კალაპოტის შეცვლა, რათა მაშველებს საძიებო სამუშაოების წარმოება გაუადვილდეთ.

გამყრელიძის განცხადებით, სამწუხაროდ, საძიებო სამუშაოებთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ არის. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში არაა ნაპოვნი არც ცხედარი და არც ცოცხალი ადამიანი. დღეს იწყება ახალი ადგილის დამუშავება. „გამოდის, რომ ცხრა ადგილზე ვმუშაობთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

იწყება სამუშაოები საკმაოდ რთულ ადგილზე როგორც სიღრმის, ისე მასშტაბის კუთხით. სავარაუდოდ, აღმოჩენილი იქნება ავტომობილები ან დაღუპულთა ცხედრები, აღნიშნა მან.
ონის მერის სერგო ხიდეშელის თქმით, საძიებო–სამაშველო სამუშაოებში ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული.

„გაჭრილია გზა მინერალური წყლებისკენ, ე.წ. კალცის წყლის მიმდებარე ტერიტორიისკენ. დამონტაჟებულია ხიდი, ასევე საფეხმავლო ხიდებია თავდაცვის ძალების მიერ დამონტაჟებული და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები“, – განაცხადა ხიდეშელმა.

სტიქიური უბედურების ზონაში სპეცტექნიკა მეექვსე დღეა მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 80 უშუალოდ ჩართულია საძიებო სამუშაოებში. საძიებო სამუშაოებში მონაწილეობს დაახლოებით 1 ათასი ადამიანი – მაშველები, სამხედროები, მოხალისეები.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად, ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია. ეს იყო მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები, ღვარცოფის ფორმირება.
„კურორტი შოვი აღარ არსებობს“ - საქართველოს მთებში მომხდარი ტრაგედიის ქრონოლოგია>>
სააგენტოს მონაცემებით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
ამასთან მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების ანალიზის საფუძველზე.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0