მოქანდაკე და მისი ჭარბწონიანი სკულპტურები, ანუ ხელოვნება ჩარჩოების გარეშე

© courtesy of Tamar Tali Toidzeთამარ თოიძე
თამარ თოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
გამოწერა
მოქანდაკე თამარ თოიძე პატარა სკულპტურებზე, სტილიზებულ ქანდაკებებზე მუშაობს.
დღევანდელი ჩვენი გმირი მოქანდაკე თამარ თოიძეა. სანამ ქანდაკების ფაკულტეტზე ჩააბარებდა, საკუთარი თავის პოვნა სხვადასხვა მიმართულებაში სცადა. სკოლაში სწავლის დროს გობელენით დაინტერესდა და საინტერესო ნამუშევრებიც შექმნა. თუმცა მალე მიხვდა, რომ ეს მისთვის საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება არ იყო. შემდეგ ტანსაცმლის დიზაინზე ჩააბარა, მაგრამ რუტინულად აღიქვა. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს კარგად აკეთებდა, მაინც სულ უკმაყოფილო და ძიების პროცესში იყო. დღეს ქანდაკებებზე, პატარა სკულპტურებზე, სტილიზებულ ქანდაკებებზე მუშაობს. 2019 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე გამოფენაში. მისი პირველი პერსონალური გამოფენა, გალერეა „შარდენის“ მხარდაჭერით, ზურა შევარდნაძის „გარდენიას“ ულამაზეს ღია სივრცეში გაიმართა.
© Facebook / Tamar Tali Toidzeთამარ თოიძე
თამარ თოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
თამარ თოიძე
- თამარ, შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების სიყვარული სისხლშიც გაქვთ?
- ასეა. ბავშვობაში ხელოვნებით ჩემი დაინტერესების მიზეზი დედისგან წამოსული ინიცივატივა გახდა. მან მე და ჩემს და-ძმას ხატვა და ძერწვა სამი წლიდან შეგვაყვარა. სკოლის პერიოდშიც დედამ იაქტიურა და ხელოვნების ათწლედში შეგვიყვანა. ხელოვნება ჩვენს ოჯახში ყოველთვის უყვარდათ და აინტერესებდათ, მაგრამ ამ ფაქტმა ჩვენზე კიდევ უფრო იმოქმედა.
© Facebook / Tamar Tali Toidzeთამარ თოიძის ქანდაკებები
თამარ თოიძის ქანდაკებები - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
თამარ თოიძის ქანდაკებები
- მოქანდაკე მამისგან თუ გესმოდათ კრიტიკა?
- ბავშვობაში მისგან კრიტიკა ნაკლებად მესმოდა. გარკვეული დროის შემდეგ ალბათ ყველა ხვდება, საკუთარ ნამუშევრებში რა შეცდომები დაუშვა. ალბათ ამიტომ იყო, რომ ის მკაცრად არასოდეს მაფასებდა და ჩემს შემოქმედებაში ზედმეტად ჩარევას არ ცდილობდა. მე მქონდა პერიოდი, როდესაც ხელოვნებით აღარ ვიყავი დაკავებული. ეს მოხდა სკოლის პერიოდში, რადგან მაშინ ფაქტობრივად მაიძულებდნენ ხატვას, მე კი არ მინდოდა თვალსაჩინოებები და პლაკატები მეხატა და სხვადასხვა კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. ეს ყველაფერი იმდენად დამთრგუნველად მოქმედებდა ჩემზე, რომ ხატვის სურვილი გამიქრა. სკოლის დავალებები რომ შემესრულებინა, ღამეებს ვათენებდი. ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი ნაცრისფრად მახსენდება. დღეს მიკვირს, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული, როგორ ვძლებდი ნამდვილი შემოქმედების გარეშე.
- უმაღლესში როგორ ჩააბარეთ?
- მაშინ რა ფაკულტეტები მქონდა არჩეული, ამის ჩამონათვალი კარგად არც მახსოვს. საბოლოოდ ჩემი ქულებით ქანდაკებაზე მოვხდი. არადა, საგამოცდოდ ისეთი მუქი ტონის ნამუშევარი წარვადგინე, საერთოდ თუ მიმიღებდნენ, არც მეგონა. ქანდაკების ფაკულტეტზე ჩავირიცხე თუ არა, სახელოსნოს მტვერთან ერთად ჩემს ცხოვრებაში მეგობრული გარემო და თბილი, კოლეგიალური ურთიერთობები გაჩნდა. ამ ყველაფერმა ძალიან შემცვალა და ეს პროფესია შემაყვარა.
© Facebook / Tamar Tali Toidzeთამარ თოიძე თავის სახელოსნოში
თამარ თოიძე თავის სახელოსნოში - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
თამარ თოიძე თავის სახელოსნოში
- თქვენს ხელოვნებას, ასე ვთქვათ, გარკვეული მიმართულება აქვს...
- დიახ, ძირითადად ჭარბწონიან ქალებს ვძერწავ. სრულყოფილება ყველას თავისებურად ესმის, სილამაზეზე ყველა დროში საკუთარი წარმოდგენები ჰქონდათ. სრულყოფილი ფორმების ტენდენციას ეპოქები წარმოშობს. ჭარბწონიანი ქალის სკულპტურებს სტილიზებულ ქანდაკებებს ვეძახი. აბსტრაქტული და რეალისტური ნამუშევრებიც მაქვს შექმნილი და დღესაც ვქმნი. თუმცა ამ ეტაპზე წინა პლანზე მაინც სტილიზებული ქანდაკებები მაქვს.
© Facebook / Tamar Tali Toidzeთამარ თოიძე საკუთარ სკულპტურასთან
თამარ თოიძე თავის გაკეთებულ სკულპტურასთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
თამარ თოიძე საკუთარ სკულპტურასთან
- რატომ ჭარბწონიანი ქალები?
- ასეთი სკულპტურების შექმნის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ვილენდორფის ვენერა ვიხილე. ავსტრიაში გათხრების დროს ნაპოვნი ეს 11 სანტიმეტრი სიმაღლის ფიგურა დაახლოებით 25-29 ათასი წლისაა. მისი ფორმები იმდენად სავსე და მთლიანია, რომ მონუსხულივით ვუყურებდი. გარდა იმისა, რომ სათქმელს ჯერჯერობით ამ ფორმით უფრო კარგად გამოვხატავ, ეს, გარკვეულწილად, ხალხისგან წამოსული ინტერესითაც არის განპირობებული. სავსე ფორმების ამ სახით გადმოცემა ჯერ კიდევ არქაულ ეპოქაში იყო მიღებული, ის რეალისტურად და კონცეპტუალურადაც მიიჩნეოდა. რუბენსის რეალისტური ფაშფაშა ქალები მართლაც მომხიბვლელები არიან. მე კი მსურდა, რომ ამგვარი ფორმები პოზიტიურად გამომეხატა, რათა სიტყვა „ცელულიტს“ მნახველში ნეგატიური განწყობა არ გაეჩინა.
© Facebook / Tamar Tali Toidzeთამარ თოიძე
თამარ თოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
თამარ თოიძე
- თქვენი ფაშფაშა ქალები გრაციოზულებიც არიან...
- ამას ის ახსნაც აქვს, რომ იოგა მომწონს. იოგას მოძრაობები მხიბლავს, მომწონს პლასტიკური მოძრაობის გამოსახვა. რეალობაში ხშირად ვეძებ იოგას მიმდევარ ჭარბწონიან ქალბატონებს. როცა მათ მოძრაობებს ვაკვირდები, გაოცებული და აღტაცებული ვრჩები. ვცდილობ, რომ ისინი ქანდაკებებში გრაციოზულად გამოვსახო. მთავარია, ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს საკუთარი სხეულისადმი. ზოგადად, თუ საკუთარ სხეულში კომფორტულად გრძნობთ თავს, დაძაბულობა და ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს გაგიჩნდებათ.
© Facebook / Tamar Tali Toidzeგადაღების დროს
გადაღების დროს - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
გადაღების დროს
- დაასრულეთ აზრი, ლამაზია ქალი, რომელიც...
- ზოგადად, ლამაზია ქალბატონი, რომელიც სტერეოტიპული აზროვნების მსხვერპლი არ არის და შინაგანად თავისუფალია. ასეთი დამოკიდებულება გვეხმარება იმაში, რომ საკუთარი თავი სხვადასხვა ფორმით და საინტერესოდ გამოვხატოთ.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0