ტრაგედია შოვში: დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსამძებრო სამუშაოები შოვში
სამძებრო სამუშაოები შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
გამოწერა
სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მეექვსე დღეა მიმდინარეობს.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, დღეს მდინარის კალაპოტში მაშველებმა მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი და ადამიანის ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

„გიდასტურებთ, მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, მიმდინარეობს სამაშველო ძალების დამატებითი მობილიზება, რათა უფრო მეტად გავაფართოვოთ ძებნა-შველის არეალი. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებაზე საუბარი ნაადრევია", – აღნიშნა მღებრიშვილმა.

მისი განმარტებით, სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო სამუშაოების არეალი გაფართოვდა, მაშველები დაკარგულებს ათ ლოკაციაზე ეძებენ.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 15 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს.
სტიქიური უბედურების ზონაში სპეცტექნიკა მეექვსე დღეა მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 80 უშუალოდ ჩართულია საძიებო სამუშაოებში. საძიებო სამუშაოებში მონაწილეობს დაახლოებით 1 ათასი ადამიანი – მაშველები, სამხედროები, მოხალისეები.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
ტრაგედია შოვში – საძიებო სამუშაოების არეალი გაფართოვდა>>>
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0