ტრაგედია შოვში: ექსპერტები აგრძელებენ მეწყრის ჩამოწოლის მიზეზების დადგენას

© AFP 2024 / GIORGI ARJEVANIDZEმეწყერი შოვში
მეწყერი შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2023
გამოწერა
წინასწარ დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი პროცესი, რომელიც სპეციალისტებმა უშუალოდ ტრაგედიის ადგილზე ნახეს, განმარტა მინისტრმა.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. სპეციალისტები კიდევ აგრძელებენ იმ გარემოებათა დეტალურ შესწავლას, რამაც შოვში მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია, უახლოეს მომავალში მათ უფრო ზუსტი მონაცემები ექნებათ, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით – 16-ს), მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

„ზუსტად ამ ყველაფრის გაანგარიშება, რა თქმა უნდა, ახლა ამ პროცესებში რთულია, თუმცა ეს პირველადი დასკვნაა და სპეციალისტები დეტალურ შესწავლას კიდევ აგრძელებენ და ჩვენ გვექნება უფრო ზუსტი მონაცემები“, – განუცხადა შამუგიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მდინარე ჭანჭახზე დამონტაჟებულ ჰიდროლოგიურ სადგურს სტიქიურ უბედურებამდე მდინარეში რაიმე ცვლილება არ დაუფიქსირებია, ცვლილება სტიქიის მომენტში დაფიქსირდა.
„მდინარეზე არის დამონტაჟებული ჰიდროლოგიური სადგური, რომელიც აღრიცხავს მუდმივ რეჟიმში, 24-საათიან რეჟიმში ინფორმაციას და ამ სადგურზე არ დაფიქსირდა მდინარეზე ცვლილება სტიქიამდე. სტიქიის მომენტში ფიქსირდება ერთბაშად წყლის მოვარდნა. შესაბამისად, ეს მეტყველებს ისევ და ისევ იმაზე, რომ იქ დიდხნიან დაგუბებას ადგილი ვერ ექნებოდა, ვინაიდან ეს გავლენას მოახდენდა მდინარის დონეზე“, – განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, წინასწარ დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი პროცესი, რომელიც სპეციალისტებმა უშუალოდ ტრაგედიის ადგილზე ნახეს.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კლდეზვავის ჩამოშლა მოხდა, რომელიც დაეჯახა მყინვარს, მოხდა მისი ჩამონგრევაც და აქედან დაიწყო პროცესი. როგორც ჩვენი სპეციალისტები ვარაუდობენ, იქვე ჰქონდა ადგილი მყინვარის ქვეშ გარკვეული წყლის დაგუბებას, რომელიც ამ მასასთან ერთად გადმოედინა და შემდეგ ამას შეუერთდა, ამ მასამ გამოიწვია მეწყრული პროცესები მდინარეზე, იქ დაგროვილი მასის წამოღება, რომელიც ღვარცოფში გადაიზარდა“, – განაცხადა შამუგიამ.

შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
ამასთან მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების ანალიზის საფუძველზე.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0