საქართველოდან საბერძნეთში ჩატანილი ფორტეპიანო და მამის დამზადებული ხალხური საკრავები
13:23 07.08.2023 (განახლებულია: 14:08 14.08.2023)
© courtesy of Irma Matakakiპროექტ „ვოისში“ მუშაობის დროს

© courtesy of Irma Matakaki
გამოწერა
„სიმღერა ძალიან დამეხმარა ნოსტალგიის დაძლევაში. თანაც, დროთა განმავლობაში, როგორც ვოკალისტს, მომინდა, რომ ჩემი პროფესიიონალიზმი უფრო დამეხვეწა“ – გვითხრა მომღერალმა ირმა აროშვილმა, რომელსაც საბერძნეთის მუსიკალურ სამყაროში იცნობენ როგორც ირმა მატაკაკის.
მუსიკა ბავშვობიდან შეუყვარდა, მაშინვე გაუჩნდა სურვილი, რომ ბევრ მუსიკალურ ინსტრუმენტზე ესწავლა დაკვრა. საბოლოოდ ასეც მოხდა. იმ დროს მის გარდა სალამურზე გოგო არავინ უკრავდა – პირველი იყო. შემდეგ მუსიკალური განათლება მიიღო და კვარტეტი „ხმები“ დააარსა. ამ კვარტეტმა ბევრი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის წოდება მოიპოვა. საესტრადო სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ იმავე სასწავლებელში ლექციების კითხვა დაიწყო. როცა თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვოკალის აკადემიაში დოცენტის წოდება მიანიჭეს, რამდენიმე მუსიკალური კოლეჯის ფორტეპიანოს მასწავლებელი და გუნდის დირიჟორი გახდა. ასევე მღეროდა ბერძნულ ანსამბლებში, ქართველ და ბერძენ ბავშვებს სიმღერას ასწავლიდა. დღეს ზუსტად იცის, თუ ადამიანს თავისი პროფესია უყვარს, ყველაფერს მიაღწევს.
- ქალბატონო ირმა, საბერძნეთამდე რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში?
- საბერძნეთამდე, ანუ 1999 წლამდე საქართველოში აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ვეწეოდი. მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. მამა, თემურ აროშვილი მუსიკალურ სკოლაში მუშაობის დროს ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც ამზადებდა. ბავშვობაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებებში ვიღებდი მონაწილეობას. ექვსი წლიდან ვსწავლობდი თბილისის მე-15 მუსიკალურ სკოლაში, სადაც, ფორტეპიანოს გარდა, თითქმის ყველა ქართული ხალხური ინსტრუმენტი შევისწავლე.
© photo: courtesy of Irma Matakakiირმა აროშვილი სტუდიაში

ირმა აროშვილი სტუდიაში
- რამდენადაც ვიცი, საქართველოში პირველი გოგონა იყავით, ვინც სალამურზე უკრავდა, ასეა?
- მართლაც ასეა, საქართველოში პირველი მესალამურე გოგო ვიყავი. შემდეგ სწავლა საესტრადო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში ვოკალის და ქართული ხალხური ინსტრუმენტების სპეციალობით გავაგრძელე. იქ გოგონათა კვარტეტი „ხმების" მომავალი წევრები გავიცანი. როცა გვისმენდნენ, ყველა ამბობდა, რა კარგი და შეწყობილი ხმებიაო, ამიტომ კვარტეტს „ხმები" დავარქვით. მერე ჩემი ხელმძღვანელობით რეპეტიციები დავიწყეთ. მუსიკის და, კერძოდ, სიმღერისადმი სიყვარული ჩემში იმდენად ღრმად იყო გამჯდარი, რომ ამის გარეშე არსებობა ვერ წარმომედგინა.
© photo: courtesy of Irma Matakakiირმა აროშვილი სცენაზე შვილებთან ერთად

ირმა აროშვილი სცენაზე შვილებთან ერთად
- რას იტყვით კვარტეტის წევრებზე?
- კვარტეტის წევრები იყვნენ: თამრიკო გელიაშვილი, ლელა კოჭლამაზიშვილი, მაია სიჭინავა და კვარტეტის ხელმძღვანელი – თქვენი მონა-მორჩილი. ჩვენ თანაკურსელები ვიყავით და დღემდე ვმეგობრობთ. ჩვენი პროგრამა დაუღალავი შრომით როგორც ხალხური, ასევე საესტრადო სიმღერებით გავამდიდრეთ. ჩემი სწავლა-განათლების საკითხი ამით არ ამოწურულა. 1991 წელს, როცა ფილარმონიაში გამართულ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილის მფლობელები და ლაურეატები გავხდით. აქვე მოგვანიჭეს ფილარმონიის მსახიობის სტატუსი, რასაც შემდგომ უამრავი შემოთავაზა მოჰყვა.
© photo: courtesy of Irma Matakakiირმა აროშვილი კვარტეტში „ხმები“

ირმა აროშვილი კვარტეტში „ხმები“
- გასვლითი ტურებიდან და გასტროლებიდან რომელს გაიხსენებთ?
- 1997 წელს ჩვენი გასვლითი ტური პეკინში შედგა. იქ საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის მესამე ადგილის ლაურეატები გავხდით. სხვათა შორის, ჩვენი ბოლო სტუდიური ჩანაწერი იყო სიმღერა „სიგიჟემდე მომენატრები". თითქოს მაშინ გული მიგრძნობდა, რომ სულ მალე ყველაფერი ქართული მომენატრებოდა.
© photo: courtesy of Irma Matakakiპროექტ „ვოისში“ მუშაობის დროს

პროექტ „ვოისში“ მუშაობის დროს
- თქვენი ემიგრანტული ცხოვრება როგორ წარიმართა?
- თავიდან ყველა ემინგრანტს უჭირს, სანამ ენას ისწავლის და ნორმალურ სამსახურს იშოვის, მაგრამ მე ახალი ცხოვრების არ შემშინებია. ალბათ იმიტომ, რომ მარტო არ ვიყავი და გვერდით დაიკო მედგა. ის მამხნევებდა და ნოსტალგიის დაძლევაში მეხმარებოდა. აქვე გავიცანი ჩემი მომავალი ბერძენი მეუღლე. სხვათა შორის, ჩვენ საქართველოში „ხმების" სიმღერების ფონზე ვიქორწინეთ. დღეს სამი შვილის დედა ვარ და სამივე მუსიკალური კოლეჯის სტუდენტია. თავის დროზე მეუღლემ გამაცნო ყველა მეგობარი, ვისაც მუსიკასთან შეხება ჰქონდა. მერე რვა წელი მუსიკალურ კოლეჯში ვიმუშავე ფორტეპიანოს მასწავლებლად და გუნდის დირიჟორად. ვიყავი სამი ბერძნული ანსამბლის სოლისტი. როცა ჩემი „სივი“ მივიტანე ათენის ცნობილ სატელევიზიო არხ „ანტენასთან" არსებულ ვოკალის აკადემიაში, მათგან თანამშრომლობაზე თანხმობა მივიღე. ეს იყო ძალიან პრესტიჟული აკადემია, სადაც ბევრი ცნობილი მუსიკოსი და მომღერალი გავიცანი.
- ქართველ ბავშვებს სიმღერას ასწავლით და ვიცი, რომ საკუთარი სტუდიაც დააარსეთ...
- საგანმანათლებლო სახლში „კავკასია" ქართველი ემინგრანტების აქ დაბადებული ბავშვები გავიცანი და შერეულ ბერძნულ-ქართული კონცერტებისთვის მზადება დავიწყეთ. როდესაც ჩემი შემოქმედებითი მოთხოვნილება გაიზარდა, საკუთარი სტუდიაც გავხსენი. აქ ვასწავლი ფორტეპიანოზე დაკვრას, ფორტეპიანოზე, რომელიც საქართველოდან ჩამოვიტანე. ასევე ვასწავლი ჩემი მამის მიერ დამზადებულ ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრასაც. ბევრი ბერძენი მოსწავლე ქართულად ავამღერე. ბედნიერი ვარ, რომ შვილებიც ჩემ გზას მიჰყვებიან და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ვიცი, სადაც არ უნდა ვიყოთ, სწორედ გვერდში დგომა გადაგვარჩენს და გაგვაძლიერებს...
ნინო მამულაშვილი