შესაძლებელი იყო თუ არა მეწყერსაშიში ზონიდან ხალხის ევაკუაცია? ჰიდროლოგის განმარტება

© AP Photo / Ministry of Internal Affairs of Georgia სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შოვში
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2023
გამოწერა
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში სტიქიის ზონიდან ხალხის ევაკუაციის მოსწრება შეუძლებელი იყო, რადგანაც ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, განაცხადა ჰიდროლოგმა დავით კერესელიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს.

„მანძილი იმ წერტილიდან, საიდანაც დაიწყო პროცესი, 7 კილომეტრია, ნაკადის სიჩქარე – დაახლოებით 5-10 მეტრი წამში, ანუ საათში დაახლოებით 18 კილომეტრი. (მეწყერი) იქ მიაღწევდა დაახლოებით 10-12 წუთში. აღნიშნულ დროში ვერაფერს გააკეთებ, მოსახლეობის ევაკუაციას ვერ მოასწრებ, თუ წინდაწინ არ იცი, რომ ეს უნდა მოხდეს. ამის წინდაწინ ცოდნა ჩვენ პირობებში წარმოუდგენელია", – განაცხადა კერესელიძემ.

შოვში მეწყერის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყერის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში.
აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა.
ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>>
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
ამასთან, სტიქიური მოვლენის განვითარების პროცესში უშუალოდ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის მასის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია.
მთელ მსოფლიოში მსგავსი ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია დასკვნაში. მანამდე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
შოვში ნაპოვნი 18 გარდაცვლილიდან 14 იდენტიფიცირებულია>>>
წინასწარი გათვლებით, ღვარცოფულ ნაკადს ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ხალხი იმყოფებოდა, 8-10 წუთში უნდა მიეღწია.
დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების მათ შორის სატელიტური, რადარული და აეროფოტოსურათების დეშიფრირებული ინფორმაციის საფუძველზე.
ექსპერტების ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0