ტრაგედია შოვში: სტიქიის ზონაში სამუშაოები დილიდან განახლდა

© AFP 2023 / GIORGI ARJEVANIDZE
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში ავიაციამ მუშაობა განაახლა, ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც, იუწყება „პირველი არხი“.
ბოლო ინფორმაციით, მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, 11 ადამიანი დაიღუპა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
გარდა ამისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. მიმდინარეობს გზის წმენდისა და აღდგენის სამუშაოები. პარალელურად, მიმდინარეობს დროებითი ხიდის აგების სამუშაოები.
შოვში სამაშველო ღონისძიებები მესამე დღეა, გრძელდება. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართული არიან მეხანძრე-მაშველები, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალები. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ შოვისკენ გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა.
მოსალოდნელია, რომ დღეს მაშველები იმ კოტეჯებამდე და აგარაკებამდე მიაღწევენ, რომლებიც მიწის მასებით სახურავებამდე დაიფარა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება მეწყერის დროს დაკარგული ადამიანების ფოტოები.
სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
Black Sea Arena-მ, კლუბ Monohall-მა და ბათუმის ახალმა საკონცერტო სცენამ კონცერტები გააუქმეს.
ყველა ახალი ამბავი
0