შალვა პაპუაშვილი რაჭაში მომხდარ ტრაგედიაზე: ადგილზე უმძიმესი ვითარებაა

© Ministry of Internal Affairs of Georgia მაშველები შოვში
მაშველები შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2023
გამოწერა
50 ჰექტარი ტერიტორია, საშუალოდ, 4 მეტრი სისქის ქვაღორღიანი მასით არის დაფარული, განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. უმძიმესი სიტუაციაა ადგილზე, რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო იაზრებ სტიქიის მასშტაბს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც რაჭაში იმყოფება.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. დაღუპულია 16 ადამიანი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაშველები 25 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
„50 ჰექტარი ტერიტორიაა, რომელიც, საშუალოდ, 4 მეტრი ქვაღორღიანი მასით არის დაფარული და ყველაფერი მოყოლილი აქვს. ასეთი მასშტაბის სტიქია, ზოგადად, იშვიათია და რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო მძიმეა ამის ნახვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის ესაუბრა იმ ადამიანებს, ვინც დაკარგულ ნათესავებს ეძებს.
„რა თქმა უნდა, რთულია მათი მდგომარეობა და რთულია, მოძებნო სიტყვები, რომელიც მათ დაამშვიდებს. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ჩვენს მაშველებს და ვიმედოვნებთ, თუკი არსებობს რაიმე შანსი, ეს შანსი იქნება სასიკეთოდ და იპოვიან“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მაშველების პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ ზონებს საზღვრავენ გარკვეული მაჩვენებლებით და შემდეგ ამ ზონაში ეძებენ, რაც აჩვენებს მუშაობის ეფექტიანობას.
„ეს ქვა-ღორღი არის წყლით გაჟღენთილი და რბილი მასაა. არის როგორც ჭაობი, მასზე სიარული შეუძლებელია. უჭირს ტექნიკასაც და ადამიანსაც, თუმცა არის ზონები, სადაც რამდენიმე გარდაცვლილი გუშინ იქნა აღმოჩენილი და ინტენსიურად იმ ზონას ექცეოდა ყურადღება. სწორედ იმ ადგილას აღმოჩნდნენ სხვა გარდაცვლილები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ძველი რუკის მიხედვით შეუძლებელია ძებნა, ვინაიდან ყველაფერი დაძრულია მეწყრული მასის მიერ.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
ყველა ახალი ამბავი
0