BAG: ბიზნესმენები მიესალმებიან მონეტარული პოლიტიკის შერბილებას

© photo: Sputnik / Stringerმარჯანიშვილის მოედანი
მარჯანიშვილის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2023
გამოწერა
მონეტარული პოლიტიკის შერბილება, სხვა თანაბარ პირობებში, არ და ვერ გამოიწვევს ლარის გაუფასურებას, განაცხადეს ბიზნეს ასოციაციაში
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რეფინანსირების განაკვეთის თანდათანობითი შემცირება აძლევს სტიმულს ბიზნესს, მოიზიდოს ახალი კაპიტალი, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.
ეროვნული ბანკი დიდხანს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა – 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მარეგულირებელმა ის 0,5 პროცენტული პუნქტით მიმდინარე წლის მაისში შეამცირა. 2 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა მისი 10,25%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
„საპროცენტო განაკვეთების თანდათანობითი შემცირება, თავისთავად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ერთის მხრივ, იზოგება ხარჯები, მეორეს მხრივ, კი აღნიშნული უფრო მეტი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, ქმნის პოზიტიურ განწყობებს და სიგნალს აძლევს ბიზნესს, რომ დამატებით მოიზიდოს საინვესტიციო კაპიტალი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბიზნეს-ასოციაციის თვალსაზრისით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით პროგნოზის გათვალისწინებით, წაახალისებს ბიზნეს აქტივობას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, გამოიწვევს მეტ დაკრედიტებას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ ზრდას.
„მიგვაჩნია, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება, სხვა თანაბარ პირობებში, არ და ვერ გამოიწვევს ლარის გაუფასურებას, ვინაიდან მაკროეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და ძლიერია, მათ შორის სტაბილურია სავალუტო შემოდინებები“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0