საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციამ შოვში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

© photo: Sputnik / Stringerსაშინელი მეწყერი შოვში
საშინელი მეწყერი შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედიის დროს რუსეთის მოქალაქეები არ დაშავებულან
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციამ სამძიმარი გამოუცხადა შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ბოლო მონაცემებით, მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, 11 ადამიანი დაიღუპა. მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
„რუსეთის ინტერესთა სექცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ადამიანური მსხვერპლისა და ნგრევის გამო, რომელიც რაჭის რეგიონში, დასახლებულ პუნქტ შოვის ტერიტორიაზე მეწყერის ჩამოწოლამ გამოიწვია. გამოვხატავთ თანაგრძნობას და მხარდაჭერას დაღუპულთა ახლობლების მიმართ, დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის ინტერესთა სექციაში იმედი გამოთქვეს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების გადასარჩენად მიმდინარე სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდება.
საჭიროების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ რუსეთის ინტერესთა სექციას ტელეფონით: +995 598-980-283.
ადგილზე მუშაობს 400 მაშველი, მათ შორის კინოლოგები, მობილიზებულია სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. სამაშველო ოპერაციაში სამხედროებიც ჩაერთვნენ.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
ყველა ახალი ამბავი
0