რაჭული მარგალიტები და მამის მიერ დაწყებული საქმის ღირსეულად გაგრძელება

© courtesy of Irema Jafaridzeირემა ჯაფარიძე
ირემა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
გამოწერა
ირემა ჯაფარიძემ ლოტბარი მამის საქმე ღირსეულად გააგრძელა და მისი არქივიდან ბევრი ძველი სიმღერა გააცოცხლა.
დღეს თავისი საქმის კიდევ ერთი პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი, ლოტბარი ირემა ჯაფარიძე გვსურს გაგაცნოთ. ბავშვობა ონში გაატარა, ფოლკლორის სიყვარულიც იქიდან მოჰყვება. ცნობილი ლოტბარისა და საზოგადო მოღვაწის შალვა ჯაფარიძის ოჯახში გაიზარდა. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკათმცოდნეობა-ბიბლიოგრაფიისა და საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტები. მუშაობდა ონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, იყო სკოლა-ლიცეუმის დირექტორის მოადგილე, რაიონის ფოლკლორის სახლის სპეციალისტი და ონის ფოლკლორის სახლის დირექტორი.
2006 წლიდან დღემდე ფოლკლორული ანსამბლების „ბიჭუნეებისა“ და „რაჭის“ ლოტბარია. 2016 წლიდან ონის სალოტბარო სკოლის სიმღერის პედაგოგია. ძირითადი საქმიანობის გარდა, მამისეულ არქივში შემორჩენილი ქართული მუსიკალური ნიმუშების აღდგენაზე მუშაობს. ნაყოფიერი მუშაობისა და საუკეთესო შედეგებისთვის დაჯილდოებულია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სიგელით.
© photo: courtesy of Irema Jafaridzeირემა ჯაფარიძე ბავშვებთან ერთად
ირემა ჯაფარიძე ბავშვებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
ირემა ჯაფარიძე ბავშვებთან ერთად
- ქალბატონო ირემა, თქვენ მამის შემდეგ მისგან ესტაფეტა აიღეთ და მისი საქმიანობა გააგრძელეთ...
- მამის გარდაცვალების შემდეგ წილად მხვდა პატივი და ამასთან დიდი ტვირთიც, რომ ამ ორი ანსამბლის ხელმძღვანელი გავმხდარიყავი. ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ შალვასეული სიმღერის მანერა და ხასიათი, რაც ორივე ანსამბლს ასე გამორჩეულს ხდის. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით გამოვეცით საიუბილეო აუდიოალბომი, სადაც ანსამბლ „რაჭის“ ძველი და ახლანდელი ჩანაწერები შევიდა. რა თქმა უნდა, პარალელურად ვაგრძელებ უძველესი ფოლკლორული ნიმუშების აღდგენაზე მუშაობას და უკვე არაერთ ხალხურ სიმღერას დავუბრუნეთ სიცოცხლე.
© photo: courtesy of Irema Jafaridzeირემა ჯაფარიძე და ანსამბლ „ბიჭუნეების“ მომღერლები
ირემა ჯაფარიძე და ანსამბლ „ბიჭუნების“ მომღერლები - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
ირემა ჯაფარიძე და ანსამბლ „ბიჭუნეების“ მომღერლები
- მამაზე რას გაიხსენებდით?
- მამა, შალვა ჯაფარიძე, როგორც პიროვნება, ძალიან ბევრ ნიჭსა და ადამიანურ ღირსებას იტევდა. ის იყო დიდი საზოგადო მოღვაწე, რომელსაც ხელოვნების ყველა სფეროს მართვა ხელეწიფებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ონის რაიონში კულტურული ცხოვრება ყვაოდა. ის ასევე თეატრის, კინოსა და მუსიკის ტრფიალი იყო. რაჭა მიგრაციული ზონაა, მამამ დაინახა, როგორ ცარიელდებოდა სოფლები თანდათან და უძველესი ხალხური ნიმუშები ყოფიდან ქრებოდა, ამიტომ დაიწყო სოფლებში ექსპედიციების მოწყობა და ხალხური სიმღერის ნიმუშების ფირზე ჩაწერა.
- რამდენადაც ვიცი, თავის შეგროვილ მარგალიტებს სიმღერებში აცოცხლებდა...
- დიახ, უძველესი სიმღერები მან თავის ანსამბლ „ბუბაში“ გააცოცხლა და ფართო აუდიტორიის წინაშე გამოიტანა, რითაც ისინი კიდევ უფრო პოპულარული გახადა ქვეყნის მასშტაბით. მაშინ გადაუდებელმა საჭიროებამ ახალგაზრდა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის შექმნაც მოითხოვა. შალვა ჯაფარიძემ ასეთ ანსამბლს რაჭულად „ბიჭუნეები“ უწოდა. დღეს ანსამბლი, რომელიც აგერ უკვე მეშვიდე თაობას ითვლის, უკვე მთელ საქართველოშია ცნობილი. ოლიმპიადებსა და ფესტივალებზე მას არაერთი ჯილდო და გრან-პრი აქვს მიღებული.
© photo: courtesy of Irema Jafaridzeირემა ჯაფარიძე
ირემა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
ირემა ჯაფარიძე
- ბოლო წლებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ დაფუძნებული სალოტბარო სკოლის რაჭული ხალხური სიმღერის ლოტბარი ხართ, რა არის ამ სკოლის მისია?
- სალოტბარო სკოლაში ახალგაზრდები უსასყიდლოდ ეცნობიან და ეუფლებიან ქართული ხალხური მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშებს. ამ სკოლის მისიაა მომავალმა თაობამ შეისწავლოს, შეიყვაროს, ყოფაში დაამკვიდროს უნიკალური ნიმუშები და ისინი მომავალ თაობებს გადასცეს. მოკლედ, ძალას არ ვიშურებთ, რომ ხალხური შემოქმედება გადავარჩინოთ. იმედია, ჩვენი ცდა და შრომა ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.
- როგორია რაჭის დღევანდელი ყოფა?
- ამ კუთხიდან ყოველთვის ხდებოდა ინტელექტუალური თაობების გადინება და ეს შეუქცევადი პროცესია. დაცარიელებული რაჭა უმძიმესი სანახავია და ეს ყველა სფეროში მძაფრად იგრძნობა. ვფიქრობ, რომ მიგრაცია უმთავრეს საზრუნავად უნდა იქცეს ჩვენი კუთხისთვის. დღეს ბევრმა არ იცის სინამდვილეში რა არის სიყვარული და რა ძალა აქვს მას, ამიტომაც უჭირს კაცობრიობას სულიერად. ცხოვრებაში მთავარი სიყვარულის ნიჭია და მის გარეშე სამყაროში ღირებული არაფერი იქმნება...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0