ექსპერტი: რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დადებითად იმოქმედებს მოქალაქეების ჯიბეზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2023
გამოწერა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ 0,25%-ით პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს როგორც მთლიანად ეკონომიკაზე, ისე თითოეული მოქალაქის ჯიბეზე, განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. დღევანდელი მონაცემებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,25 პროცენტს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2023
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა
როგორც ექსპერტმა განმარტა, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ ათასობით სესხზე შემცირდება საპროცენტო განაკვეთი და, შესაბამისად, ამდენივე ადამიანს შეუმცირდება იმ თანხის მოცულობა, რომელიც ბანკში უნდა გადაიხადოს.

„არსებული ზომიერი ინფლაციიდან და პოზიტიური მოლოდინებიდან გამომდინარე, პლუს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკას სჭირდება დამხმარე ძალა, რათა ზრდის მაღალი ტემპი აჩვენოს, კარგია, რომ ეროვნული ბანკი ეხმარება ეკონომიკას“, — აღნიშნა ჭარაიამ.

ეკონომიკის ექსპერტი იმედოვნებს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტენდენცია გაგრძელდება.

„მონეტარული პოლიტიკის შერბილებით ისარგებლებს როგორც მოქალაქე, ასევე ჯამურად ეკონომიკა, რადგანაც რეფინანსირების განაკვეთის კლება ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს დასაქმების ზრდას, მეტი ეკონომიკური ოპერაციის ჩატარებას და ა.შ.“ — განაცხადა ექსპერტმა.

ეროვნული ბანკი დიდხანს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა – 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მარეგულირებელმა ის 0,5 პროცენტული პუნქტით ამ წლის მაისში შეამცირა.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0