პროფესია, რომელიც ადამიანებს ფერადი სამყაროს აღქმის უნარს უნარჩუნებს
14:51 01.08.2023 (განახლებულია: 21:02 01.08.2023)
© courtesy of Mzia Goisashviliმზია გოისაშვილი

© courtesy of Mzia Goisashvili
ექიმმა მზია გოისაშვილმა მხოლოდ ოცი წლის მერე აისრულა ბავშვობის ოცნება – რომ ეხატა.
„როცა საღამოობით სკოლის შემდეგ რუსთაველზე გავივლიდი, ვფიქრობდი, წარმატებული მხატვარი რომ გავხდები, გაყიდული ნახატებით აღებული ფულით აუცილებლად დავეხმარები მათ, ვისაც ეს სჭირდება–მეთქი“. ამ ფიქრების რეალიზება ექიმმა მზია გოისაშვილმა ოცი წლის მერე დაიწყო. მანამდე, ბავშვობაში სამხატვრო სკოლა დაამთავრა, მაგრამ პროფესიად ექიმობა აირჩია. დღეს ჯანდაცვის მაგისტრია, რეზიდენტურა ოფთალმოლოგიის მიმართულებით გაიარა. გამოცემული აქვს ლექსების კრებული. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული გაერთიანების“ პრეზიდენტი. დღეს ექიმობისგან თავისუფალ დროს წერს და ხატავს.
- ქალბატონო მზია, როგორ წარიმართა თქვენი პროფესიული საქმიანობა?
- სკოლის დამთავრების შემდეგ, 2012 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. სწავლის პარალელურად კლინიკაში დავიწყე მუშაობა, კიბის ყველაზე დაბალი საფეხურიდან და სვლას დღემდე ვაგრძელებ. მედიცინა ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ შემძლებოდა ადამიანებისთვის სიკეთის მოტანა. ჩვენ ხომ იმიტომ ვიბადებით, რომ სამყარო უკეთესი გავხადოთ. აი, როცა საქმე ხელოვნებას ეხება, ვფიქრობ, რაც შენშია, მას ყოველთვის გამოავლენ. შეგიძლია წესების გარეშე ხატო და ეს იყოს შედევრი. ახლა ვიხსენებ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის მისული ვიყავი სამხატვრო სკოლაში, ნიჭი ჩემში ბევრმა პროფესიონალმა შეამჩნია.
© photo: courtesy of Mzia Goisashviliმზია გოისაშვილის ნახატი

მზია გოისაშვილის ნახატი
© photo: courtesy of Mzia Goisashvili
- წარმატებას როდის მიაღწიეთ?
- წარმატება მაშინ შევიგრძენი, როდესაც ჩემი ნამუშევარი ერთ-ერთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე შეიძინეს. სამხატვრო სკოლაში სწავლის იმ ათმა წელმა ისეთი მოგონებები დამიტოვა... და მძაფრად ასახული ფერები, რაც ჩემ შემოქმედებაში დღემდე ირეკლება. პროფესიად კი სულ სხვა საქმე ავირჩიე.
- ძირითადი პროფესია როგორ შეარჩიეთ?
- სამყარო ფერადია, ამის აღმის ერთადერთი საშუალება კი თვალებია. ჩვენ ვგრძნობთ ფორმას, გვესმის ბგერა, მაგრამ ფერები? ეს შეხებით არ აღიქმება. სწორედ ამიტომ შევარჩიე ისეთი პროფესია, რომელიც ადამიანებს სამყაროს ფერადოვნების სრულად აღქმის უნარს უნარჩუნებს ან, მისი დაკარგვის შემთხვევაში, უბრუნებს მას.
© photo: courtesy of Mzia Goisashviliმზია გოისაშვილის ნახატი

მზია გოისაშვილის ნახატი
© photo: courtesy of Mzia Goisashvili
- პოეზიასთან ურთიერთობა როდის დაიწყო?
- პოეზია, ლექსები ჯერ კიდევ მაშინ მიყვარდა, სანამ კითხვას ვისწავლიდი. ბევრი საბავშვო ლექსი გაზეპირებული მქონდა. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ამბავს, ასე იყო: როცა რაიონში მივდიოდი, ფიქრებში გართულმა რაღაც სტროფები გავრითმე, გზაში საგულდაგულოდ ვიმეორებდი, რომ არ დამვიწყებოდა. ჩემი სატრფიალო ლექსები მარტოსულის აღსარებად იქცა. დღეს კი მათში ვერლიბრის ფერები ირეკლება. ჩემს პირველ კრებულს „შუშის პეპლები“ დავარქვი.
- რატომ პეპლები?
- იმიტომ, რომ ისინი ძალიან ნაზები არიან და მათი ასეთი ფორმით სიცოცხლეც ხანმოკლეა, მხოლოდ რამდენიმე დღე. შუშის იმიტომ, რომ გამჭირვალეა, მსხვრევადი. ყველა პეპელა სიკვდილის მერე უხმაუროდ, შეუმჩნევლად ქრება. შუშის პეპლები ადამიანის სულს ჰგავს, მისი მსხვრევა ძალიან მტკივნეულია და ხმაურიანი. ჩვეულებრივი პეპლებისგან განსხვავებით შუშის პეპლები უხმაუროდ არ კვდებიან...
© photo: courtesy of Mzia Goisashviliმზია გოისაშვილი

მზია გოისაშვილი
© photo: courtesy of Mzia Goisashvili
- ცხოვრებაში რის მადლიერი ხართ?
- ცხოვრებაში მადლიერი ვარ ყველაფრის, რაც მომხდარა. რომ არა ის მომენტები, ასეთი არ ვიქნებოდი. ახსნა და მიზეზი ყველაფერს აქვს, ესა თუ ის ამბავი იმიტომ ხდება, რომ უნდა მოხდეს. დედამიწა წრეზე ბრუნავს, მე კი ჩემი წრის საწყისი წერტილიდან დავიწყე სვლა, რომელიც სასრულ წერტილამდე გაგრძელდება...
ნინო მამულაშვილი