ჩინეთიდან ყაზახეთში - პრემიერმა ალმათიში „შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე იმსჯელა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და ალიხან სმაილოვი
ირაკლი ღარიბაშვილი და ალიხან სმაილოვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
გამოწერა
მომავალში საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორც ამ დრომდე იყო, განაცხადა ღარიბაშვილმა.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ალიხან სმაილოვმა ალმათიში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ასევე ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის – „შუა დერეფნის“ სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„შუა დერეფანი" (ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი) არის გზა, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და შავი ზღვის გავლით გადის ევროპისკენ.
ალმათიში მთავრობის მეთაურების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღარიბაშვილმა სმაილოვს მიმართა სიტყვებით „ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო კოლეგა" და აღნიშნა, რომ ყაზახეთის პრემიერი საქართველოში სულ ახლახან, ივნისის ბოლოს იმყოფებოდა, ახლა კი იგი, „როგორც დაჰპირდა", ყაზახეთში მისი სტუმარია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ „შუა დერეფნის“ პროექტს და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შესაბამის გზამკვლევსაც", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა თქვა, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს მისი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებშიც, რომელიც ამ დღეებში შედგა და ასევე სმაილოვის საქართველოში ვიზიტის დროს.
„კარგი დისკუსია შედგა ჩინეთის მთავრობასთანაც ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ, და იქ ვახსენე ჩვენი გეგმა, გზამკვლევი (საგზაო რუკა) „შუა დერეფანთან“ დაკავშირებით", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორც ამ დრომდე იყო.
თავის მხრივ, სმაილოვმა აღნიშნა, რომ ყახაზეთსა და საქართველოს აკავშირებს მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული კავშირები და მრავალმხრივი თანამშრომლობა. მან ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა ივნისში საქართველოში ვიზიტისას გულთბილი დახვედრისა და კარგი ატმოსფეროსთვის.
„ჩვენ შევძელით ურთიერთქმედების საკითხების მთელი სპექტრის განხილვა და ვიმუშავეთ კონკრეტულ ზომებზე ურთიერთქმედების გააქტიურების მიზნით. ჩვენ ამჟამად ვდგამთ აქტიურ ნაბიჯებს მიღწეული შეთანხმების რეალიზებისთვის", – განაცხადა სმაილოვმა.
მისი თქმით, ყაზახეთი მიესალმება ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებისთვის ორმხრივ მზადყოფნას.
„საქართველო სამხრეთ კავკასიაში ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია", – განაცხადა სმაილოვმა.
საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
ყველა ახალი ამბავი
0