ლეღვი - სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლო
11:11 24.07.2023 (განახლებულია: 17:27 24.07.2023)
© photo: Sputnik / Taras Litvinenko
/ გამოწერა
ძველ ხალხებში ლეღვი კეთილდღეობის, ჯანმრთელობის, სითბოს, სიხარულის, ნაყოფიერებისა და ყოვლისმომცველი სიყვარულის სიმბოლო იყო, ის ასევე აფროდიზიაკად მიიჩნეოდა. ცნობილია, რომ ლეღვის ფოთოლი ბიბლიური ადამისა და ევას პირველი „სამოსი" იყო.
ლეღვი (Ficus carica) — ფიკუსის გვარის თუთისებრთა ოჯახის სუბტროპიკული მცენარეა. ლეღვის მრავალი ჯიში არსებობს (400-მდე სახეობა). მისი ნაყოფიც ასევე მრავალფეროვანია ზომით, ფორმითა თუ ფერით.
ის ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით, თურქეთში, ალჟირსა და აშშ-ში. საქართველოში გვხვდება ყველგან მთის ქვედა სარტყელსა და დაბლობებზე. საქართველოში ლეღვი ძველთაგანვე ცნობილია და ფართოდაა კულტივირებული კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, გურია-სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში.
ლეღვის გამოყენება ხალხურ მედიცინაში უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ ავიცენა ურჩევდა ადამიანებს, გამოეყენებინათ ლეღვი მალარიის, წითელას, ციებ-ცხელების, სიმსივნური დაავადებების, წყლულების, კეთრის დროს. მიიჩნეოდა, რომ ლეღვი ორგანიზმს საწამლავის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
ლეღვის შემადგენლობა და კალორიულობა
ლეღვის შემადგენლობაშია 80% წყალი, 0,5% ცხიმები, 1,3% ცილები, 13% ნახშირწყლები, 4,5% ბალასტური ნივთიერებები, 0,7% მინერალური ნივთიერებები (რკინა, სელენი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი და სხვ.), ვიტამინები დიდი რაოდენობით: A, B1, B2, B6, C. მის შემადგენლობაშია ასევე ნიკოტინის მჟავა, კაროტინოიდები, სხვადასხვა ფერმენტი, კაუჩუკი, ინვერტირებული შაქარი, ხილის მჟავა, პექტინი და პროტეინი.
ლეღვის კალორიულობა 100 გრამზე 60 კკალორიაა, ხოლო ლეღვის ჩირის – 250 კკალორია.
ხალხურ მედიცინაში ლეღვი გამოიყენება:
როგორც სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ამიტომ რეკომენდებულია გაციების, ანგინისა და სხვა მსგავსი დაავადებების დროს;
ის კარგი დამხმარეა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში, რასაც კალიუმის დიდი შემცველობა განაპირობებს.
ასევე ხელს უწყობს სისხლძარღვებში თრომბის გაწოვასა და გულისცემის სიჩქარის ნორმალიზებას;
ის მდიდარია უჯრედისით, ამის გამო ის სწრაფად და დიდი ხნით აქრობს შიმშილის გრძნობას;
მიჩნეულია, რომ ლეღვი ნაბახუსევზე ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა – ამცირებს ამ მდგომარეობის თანმდევ სიმპტომებს – გულისრევას, წყურვილს, თავის ტკივილსა და საერთო სისუსტეს (კალიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის მეშვეობით).
ასევე ლეღვი ეხმარება ადამიანს დაღლილობისას, აბულიისას, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს განწყობას, ასტიმულირებს აზროვნებას;
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც გამაგრილებელი საშუალება გამონაყარისას, ანთებითი სიმსივნეების დროს, კბილის ტკივილის შესამსუბუქებლად, დაზიანებული ძვლებისა და ნერვების მკურნალობისას, თვალის დაავადებებისა და პოდაგრისას. ასევე ვარაუდობენ, რომ ლეღვი ეხმარება კენჭების დაშლაში შარდის გამომყოფ ორგანოებში და იცავს სოკოვანი დაავადებებისგან. რძესთან ერთად ლეღვი კარგი საშუალებაა ხველებისა და კატარის დროს.
ლეღვი ასევე გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებში (კრემებში, ლოსიონებში, ნიღბებში, სუნამოებში, აბაზანისთვის დანამატებში). ასეთი საშუალებები ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას და კანს არბილებს.
ლეღვი (ნედლიც და ჩირის სახითაც) მავნებელია: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის, რადგან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს; ასევე კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებებისას, ასევე არაა რეკომენდებული მისი მიღება პანკრეატიტის დროს.
ლეღვი მალფუჭებადი პროდუქტია. ის სამ დღეზე მეტხანს არ უნდა შეინახოთ, შემდეგ კარგავს გემოსაც და მარგებელ თვისებებსაც. მაცივარში ის 0 გრადუსზე ცოტა მაღალ ტემპერატურაზე და შესაბამისი ტენიანობის შემთხვევაში მაქსიმუმ ორი კვირა ინახება, ამიტომ მისი დიდი ხნით შენახვა არ ღირს.
ჩირის ყიდვისას ზოგიერთი იწუნებს ლეღვზე თეთრ ლაქებს, თუმცა ეს მხოლოდ კრისტალიზებული გლუკოზაა, რაც მათ კიდევ უფრო ტკბილს ხდის.
ნაყოფის გარდა ასევე სასარგებლო თვისებები აქვს ლეღვის ფოთოლსაც. მის შემადგენლობაშია კუმარინები, ბიოფლავონოიდები, სტეროიდები, ეთერზეთები, მთრიმლავი ნივთიერებები.
ლეღვის ფოთოლს იყენებენ შემდეგი პრობლემების დროს:
ფურუნკული, მუნი, ლიქენები;
ანგინა, ფარინგიტი;
ცისტიტი, კენჭები თირკმლებში;
ვიტილიგო (კანის დაავადება);
შეუხორცებელი ჭრილობები;
ცუდი იმუნიტეტი, სისუსტე;
ბუდობრივი თმის ცვენა.
არცთუ დიდი ხნის წინ ჩატარებულმა გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ლეღვის ფოთლის საკვებად გამოყენებაც. ის კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის დროს და დიაბეტისას, რადგან ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ზრდის უჯრედების რეაქციას ინსულინზე. თეორიულად, ლეღვის ფოთლის წყალობით დიაბეტიანებისთვის ინსულინის დოზის შემცირება შესაძლებელია, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური მედიცინის მიერ დადასტურებული ასეთი მკურნალობის მკაფიო გეგმა.