„პაიკები ომის პარტიის ხელში" - სუბარი ევროპარლამენტის დეპუტატებზე

© photo: Sputnik / Stringerსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2023
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიები, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის ხელისუფლებას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატები „გლობალური ომის პარტიის“ ხელში არა მარტო პატარა პაიკები არიან, არამედ ამისთვის თანხასაც იღებენ, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა.
გასულ კვირაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მონაცემები საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების Akerman-ისა და GP International-ის საქმიანობის შესახებ, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას.

„ზოგიერთი ევროპარლამენტარი საქართველოს მეგობრების სახელით გამოდიოდა, სინამდვილეში კი მათი თითოეული განცხადება და ქმედება მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. აღმოჩნდა, რომ ზოგ შემთხვევაში ამას ფულის გამო აკეთებდნენ. ამას ემატება ისიც, რომ ისინი პატარა პაიკები არიან „გლობალური ომის პარტიის“ ხელში და მისგან გარკვეულ დავალებებს იღებენ“, – განაცხადა სუბარმა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების განმარტებით, „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ იგულისხმებიან უცხოეთში მყოფი გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.
იაგო ხვიჩია: შედეგმა აჩვენა, რომ ლობისტებზე ფულის დახარჯვა არაეფექტურია>>>
სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული კამპანია გაგრძელდება. არ იქნება „აკერმანი“, იქნება სხვა კომპანიები, რომლებიც გააგრძელებენ ამ ყველაფერს, აღნიშნა პოლიტიკოსმა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი ცნობილი გახდება აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA) კანონის წყალობით, რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წელს საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.
„თუ ეს მოხდება ამერიკის ტერიტორიაზე, იმედი მაქვს, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დაიბლოკა, მაინც აჩვენებს ამ ყველაფერს. და თუ ეს მოხდება ევროპის ტერიტორიაზე, ჩვენ ამის შესახებ ვერ გავიგებთ, რადგან, სამწუხაროდ, ევროპას ასეთი კანონი ჯერ არ მიუღია“, – განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება ლობისტური კამპანიის შედეგებს, სუბარის თქმით, ამას ორი მხრიდან შეიძლება შევხედოთ.
„მათ ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს: ვერ მოაწყვეს რევოლუცია საქართველოში, ვერ გამოიყვანეს სააკაშვილი ციხიდან. თუმცა, ამან მაინც უარყოფითი შედეგი გამოიღო ქვეყნისთვის. მათ მოახერხეს საქართველოს იმიჯის შელახვა არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში", – განაცხადა სუბარმა.
ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ კამპანიის დადებითი მხარე ისაა, რომ ბევრმა ადამიანმა როგორც საქართველოში, ისე დასავლეთში თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა.
ევროპარლამენტმა 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მიიღო რეზოლუცია, სადაც ლაპარაკია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ხელისუფლების მხრიდან ამაზე არაადეკვატურ რეაქციაზე. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს: წულუკიანი სკანდალურ მასალებზე>>>
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0