სააკაშვილი გამარჯვების პლატფორმის შექმნას გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2023
გამოწერა
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის შექმნას სოციალურ ქსელში.

„განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული მომენტისთვის და ამის მიხედვით დადგინდება მომავალი პრემიერიც და მინისტრებიც“, — დაწერა სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გიორგი ვაშაძის პერსონასა და მის დამსახურებებს.
„მან მოასწრო და იყო ვარდების რევოლუციის პირველ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი, არა მხოლოდ იუსტიციის სახლების, არამედ ბევრი სხვა ძალიან საინტერესო იდეების გენერატორი. <...> მის როლს მე ვაფასებ როგორც ძალიან დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში“, — აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან ყოფილი პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, „დროზე დაუშვან საკუთარ თავში ის აზრი“, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოუწევთ, და რაც უფრო ადრე გაიაზრებენ ამას, „მით უკეთესი მათთვის და, რა თქმა უნდა, ქვეყნის მომავლისთვის“.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პოლიტიკურ კოალიციას ქმნიან, რომლის ფარგლებშიც „რუსული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად საერთო სტრატეგიას შეიმუშავებენ. მათი თქმით, ეს გამარჯვების პლატფორმა იქნება, რომლის კარიც ყველასთვის ღიაა.
ყველა ახალი ამბავი
0