„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა შეიძლება კოალიცია გახარიას პარტიასთან შექმნან

© photo: Sputnik / Stringerეკა ბესელია
ეკა ბესელია - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2023
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერს, პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თავის გარშემო შეუძლია ძალიან საინტერესო კონფიგურაცია შექმნას, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ.
გიორგი გახარიამ, რომელმაც „ქართული ოცნების“ რიგები და პრემიერის პოსტი დატოვა, 2021 წლის მაისში პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა. პარტიისთვის პირველივე, ადგილობრივ არჩევნებში მან მესამე შედეგი აჩვენა და ქვეყნის თითქმის ყველა საკრებულოში მიიღო ადგილი.

„შეიძლება ვიფიქროთ რაიმე ტიპის ალტერნატივაზე... „ოცნების“ ყოფილმა წევრებმა, რომლებმაც დატოვეს ეს პარტია იმის გამო, რომ არ მოსწონთ ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში... მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს გიორგი გახარიასთან. მას ვხედავ როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია მის ირგვლივ ძალიან საინტერესო კონფიგურაცია შექმნას“, – განაცხადა ბესელიამ.

პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნულ საკითხზე იგი კონსულტაციებს ყველასთან მართავს.

„ჯერ გვაქვს მხოლოდ მოსაზრებები, ხედვა, განვიხილავთ ვერსიებს და შესაძლებლობებს. ვნახოთ, რა გამოვა. მე უბრალოდ გაგიზიარეთ მხოლოდ მუშა პროცესი იდეის დონეზე და ვნახოთ, რა გამოვა აქედან", – განაცხადა PalitraNews-თან ბესელიამ.

ბესელია სავსებით ბუნებრივ პროცესად თვლის ახალი პოლიტიკური კონფიგურაციების შექმნას და ოპოზიციის ნაწილის მცდელობას, იფიქროს გაფართოებაზე, რადგანაც ახლოვდება არჩევნები.
საქართველოში საარჩევნოდ პირველი კოალიცია შეიქმნა>>>
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა.

„ვფიქრობ, ყველაზე ცუდი ვერსია იქნებოდა, რაც უნდა გამოვრიცხოთ, არ უნდა იყოს ორი არჩევანი – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“... შესაძლოა, არ იყოს მხოლოდ „ნაცმოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" და კიდევ იყოს ერთი ალტერნატივა, რომელიც წარსულით დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

თუმცა, ბესელიას აზრით, უნდა გაჩნდეს სხვაგვარი ტიპის ალტერნატივა.

„მაგალითად, გახარია და ის პოლიტიკური ჯგუფები, ან პოლიტიკოსები, რომლებსაც წარსულში არ აქვთ კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ერთი ვიცი, რომ „ნაცმოძრაობასთან“ არ და ვერ ვიქნები და დანარჩენი კი არ ვიცი, როგორი კონფიგურაცია იქნება", – განაცხადა ბესელიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. ყველა შემთხვევაში ამ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
ყველა ახალი ამბავი
0