რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტის ფულის მითვისება: დაკავებები გრძელდება

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2023
გამოწერა
საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს, ყოფილ ინჟინერ-მშენებელს და კომპანიის დირექტორს.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) რემონტისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილის მითვისების შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა კლინიკის კიდევ სამ თანამშრომელს და კერძო კომპანია „ნიუმშენის“ დირექტორს, იუწყება გენერალური პროკურატურა.
ივლისის დასაწყისში პროკურატურამ ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშის საფუძველზე დააკავა ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილი ფინანსური დირექტორი, კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ყოფილი ინდივიდუალური მეწარმე.
ახლა საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს, ყოფილ ინჟინერ-მშენებელს და კომპანიის დირექტორს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტის ფულის მითვისება - სამ პირს პატიმრობა შეეფარდა >>
ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება სამსახურებრივი სიყალბის მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომპანია „ნიუმშენის“ დირექტორს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების მუხლებით წარედგინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმის დეტალები
გამოძიებამ დაადგინა, რომ კლინიკის ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა საავადმყოფოს შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომლის ახლო ნათესავი შეარჩია და მასთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს მისცა უკანონო დავალება, რომ ძველი თარიღებით შეედგინა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები.
ამგვარად, 2020–2021 წლებში კლინიკასა და ინდივიდუალურ მეწარმეს შორის გაფორმებული აღმოჩნდა შეთანხმებები დაახლოებით 3,1 მლნ ლარის თანხაზე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ კლინიკის ოთხ სართულზე.
გამოძიების მონაცემებით, ამის შემდეგ ბრალდებულებმა სამუშაოების ჩაბარებისა და შესრულების შესახებ ყალბი აქტები შექმნეს, რომლის მიხედვით მეწარმემ თითქოს შეასრულა 3,05 მლნ ლარის სამუშაოები და მას უკვე გადაურიცხეს 2,6 მლნ.
პროტესტი დასრულდა - რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს>>
საგამოძიებო ექსპერტიზამ დაადასტურა 2,5 მლნ ლარის სამუშაოების შესრულება, ხოლო სხვაობამ სამუშაოების ღირებულებასა და დოკუმენტებში მითითებულ თანხას შორის 580,1 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც ბრალდებულებმა უკვე მოასწრეს 143,9 ათასი ლარის მითვისება და დანარჩენი თანხის მითვისებასაც აპირებდნენ.
გარდა ამისა, გამოძიებამ კლინიკის რემონტის დროს თანხის მითვისების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, უზუსტობა აღმოჩნდა კლინიკასა და კომპანია „ნიუმშენის“ 2021 წლის შეთანხმებაში.
კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452,8 ათასი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელმა და „ნიუმშენის“ დირექტორებმა დაამზადეს და საუნივერსიტეტო კლინიკას წარუდგინეს ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები.
ყალბი დოკუმენტების მიხედვით „ნიუმშენმა“ თითქოს შეასრულა კონტრაქტში მითითებული სამუშაოები და ამისთვის 362,3 ათასი ლარი მიიღო.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სამუშაოების ღირებულება სინამდვილეში იყო მხოლოდ 284,1 ათასი ლარი. დარჩენილი სხვაობიდან ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს „ნიუმშენის“ დირექტორები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 78 ათას ლარს და დარჩენილი 90 ათასი ლარის მითვისებაც აპირებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0