პაპუაშვილი: პოლონეთმა „შეშფოთების“ ნაცვლად ეჭვები უნდა გაფანტოს

© AP Photo / Irakli Gedenidzeმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2023
გამოწერა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ განმარტა იმ ექიმის საქციელი, რომელიც საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გასინჯვის შემდეგ მისი ბიომასალის ფარულად გატანას შეეცადა.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. პოლონეთის მთავრობამ პრეტენზიები კი არ უნდა წამოაყენოს, არამედ უნდა გაფანტოს ეჭვი, რომ პოლონელი ექიმი კლინიკა „ვივამედიდან“ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიომასალის ფარულად გამოტანას ცდილობდა, რათა ანალიზები გაეყალბებინა, განაცხადა საქართველო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული ინციდენტის კონტექსტში პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გაუთვალისწინებელი ინციდენტი იყო.

„ფაქტია, რომ თავად პოლონეთის მთავრობის მიერ წარმოგზავნილი ამ ჯგუფის (ექიმების) მიერ ჩადენილმა საქციელმა წარმოშვა გონივრული ეჭვი, რასაც ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, რომ, შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო ანალიზის გაყალბება და სწორედ იმ სცენარიდან გამომდინარე, რომელიც აქამდე ვიხილეთ, წარმოიქმნა ეს ეჭვი. შესაბამისად, პოლონეთის მთავრობას აქვს ახლა მტკიცების ტვირთი, რომ ეს ეჭვი გაფანტოს და არა პრეტენზიები წამოაყენოს, იქ რატომ იყო კამერა, რატომ იდგა თურმე პალატასთან და ა.შ.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

სპიკერის თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებაში არანაირი ახსნა-განმარტება არ იყო და ეჭვის გაფანტვის მცდელობაც კი არ ყოფილა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ეს მოტივი ვიცოდეთ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების კეთილგანწყობა იქნა ბოროტად გამოყენებული. რა თქმა უნდა, ეს ნდობას არყევს, როდესაც ასეთი ქმედებები ხდება და არ მოსდევს რაიმე გონივრული განმარტება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ პოლონელი ექიმების ჩამოსვლა ლობირებული იყო და ცნობილი გახდა, რა ძალები იყო ამაში ჩართული.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა (Akerman და GP International) და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ინცინდენტის შემდეგ მალევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სთხოვა განმარტება პოლონეთის საელჩოს, თუმცა ელჩის მოადგილემ განაცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობს. ამის შემდეგ მას სთხოვეს კონსულტაციები გაევლო პოლონეთის მთავრობასთან, რასაც მოჰყვა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.
14 ივლისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით საელჩოს პოზიციის მოსმენის თხოვნით მიმართა. მინისტრის თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ექიმმა თავადვე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუში წინდაში ჩაიდო.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს რამდენიმე ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი იხდის ფეხსაცმელს და იქიდან ქაღალდის მომცრო შეკვრას იღებს.
რატომ დასჭირდა პოლონელ ექიმს სააკაშვილის ბიომასალა - კალაძის აზრი >>
ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს მარიუშ პიეტრ ჟაკს შეხვდნენ. სამინისტროში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ექიმის საქციელი, რომელიც თბილისში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესამოწმებლად ჩამოსული პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, იწვევს გაუგებრობას და შეშფოთებას, ასევე მთელ პროცესს ნდობას უკარგავს.
საპასუხოდ პოლონელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რით იყო გამოწვეული ექიმის მსგავსი საქციელი.
სააკაშვილი საქართველოში
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით წინა კვირაში იმყოფებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მათ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ვითარება სააკაშვილის ირგვლივ - იუსტიციის სამინისტრო პოლონეთის ელჩისგან განმარტებას ელოდება>>>
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0