ჯანდაცვის უწყება: აფთიაქებმა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტი შექმნეს

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2023
გამოწერა
მარაგების შესახებ ფარმაცევტული კომპანიების მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ზოგიერთ სააფთიაქო ქსელში წამლებზე რეფერენტული ფასების დანერგვის შემდეგ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოვლინდა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
საუბარია მედიკამენტზე „დეპაკინი ხრონო“, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება. აღნიშნული დარღვევა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გამოავლინა.

„რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად დაადგინა, რომ „დეპაკინი ხრონო“ (300 მგ, 500 მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, მარაგების შესახებ ფარმაცევტული კომპანიების მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს, რის გამოც, კანონმდებლობის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს.
აღნიშნული დარღვევა გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითიც სექტორი აზარალებს მოქალაქეებს.
„ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება.

ფასები მედიკამენტებზე

სახელმწიფომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა, რაც ნიშნავს, რომ განისაზღვრა წამლის ფასის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთ წამლის გაყიდვა არ შეიძლება.
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა და პირობა დადო, რომ სია გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ამ ეტაპზე ზღვრული ფასები 1,1 ათასზე მეტ წამალზე უკვე მოქმედებს. ეს სია თანდათანობით ივსება.
ყველა ახალი ამბავი
0