საქართველოს მთავრობა ფერმერებს მოცვის ბაღების გაშენებაში ეხმარება

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2023
გამოწერა
2023 წლის 1 მაისიდან საქართველოდან მოცვის ექსპორტი 136,9%-ით გაიზარდა და თანხამ 17,3 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში ქართველმა ფერმერებმა მოცვის გასაშენებლად 127,9 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2,5 ათას ჰექტარ ფართობზე ხეხილის ბაღები გაშენდა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ბოლო წლებში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენდა იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.

„სახელმწიფო ლურჯი მოცვის სექტორის განვითარებას ეხმარება როგორც პირველადი წარმოების, ისე შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ლურჯი მოცვის ბაღები საქართველოში 2,500 ჰექტარზე გაშენდა, აქედან 1500 ჰა სამეგრელოს რეგიონში, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 27 მლნ ლარი შეადგინა“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.

ხარატიშვილმა სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან დავით ვერავასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორგაში კომპანია „გოლდენ ფარმსის“ ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა.
ეს კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია – სახელმწიფოს ხელშეწყობით 16 ჰექტარზე მოცვის თანამედროვე ბაღი გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო.
მოცვის თანამედროვე ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის კომპანიამ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 250 ათასი ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო, „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში მიღებულმა აგროსესხმა კი 850 ათასი ლარი შეადგინა.
საქართველოდან მოცვის ექსპორტი იზრდება>>>
კომპანიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 ათასი ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 1,2 მლნ ლარი კი „შეღავათიანი აგროკრედიტი".
სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა ლურჯი მოცვის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 10 ადგილობრივია დასაქმებული. „გოლდენ ფარმსის“ დირექტორის დავით ლაბარტყავას განცხადებით, ბაღი სრულ მსხმოიარობაში ორ წელიწადში შევა. 2023 წელს კომპანიამ 30 ტონამდე ლურჯი მოცვი გაიტანა სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ჩინეთში, გერმანიასა და პოლონეთში.
სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 1 მაისიდან საქართველოდან მოცვის ექსპორტი 136,9%-ით გაიზარდა და თანხამ 17,3 მლნ დოლარი შეადგინა.
ამ პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია თითქმის 2,9 ათასი ტონა მოცვი, რაც 139,1%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (2,7 ათასი ტონა).
სოფლის მეურნეობის პროგრამა „დანერგე მომავალი“ ქართველი ფერმერების დახმარებას ისახავს მიზნად. იგი ფერმერებს უზრუნველყოფს აგროდაზღვევით, რომელიც ითვალისწინებს არა მარტო მოსავლის ზარალის რისკებს, არამედ ნერგების განადგურების ალბათობას.
ყველა ახალი ამბავი
0