შუალედური არჩევნები არ იქნება: ვინ შეცვლის პარლამენტში სერგეენკოს

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
გამოწერა
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პარლამენტში თანამდებობა დატოვა.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შუალედური არჩევნები თბილისის საბურთალოს რაიონში არ ჩატარდება, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა პარასკევს მხარი დაუჭირა სერგეენკოსთვის დეპუტატის მანდატის ვადამდე გაუქმებას. პარლამენტის რეგლამენტით, დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ ის ერთი სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით გააცდენს. საგაზაფხულო სესიის დროს გამართული 32 სხდომიდან სერგეენკო არ დასწრებია 25 სხდომას.
შატაკიშვილის განცხადებით, დავით სერგეენკო მაჟორიტარი დეპუტატია საბურთალოს რაიონიდან, ხოლო რადგან პარლამენტი მისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს საშემოდგომო სესიაზე განიხილავს, წელს არჩევნების ჩატარება ვეღარ მოესწრება, მომავალი წელი კი საარჩევნო წელია. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნები საბურთალოს რაიონში არ ჩატარდება.
სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი საბურთალოს №3 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, პარლამენტის იმ წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩიეს, შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება კანონით დადგენილი წესით – აპრილში ან ოქტომბერში.
„კონსულტაციები გვიჩვენებს" - კობახიძე სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე>>
თუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდში შეწყდა, პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე პერიოდში შეწყდა – უახლოეს აპრილში. უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
ამგვარად, შემდეგ არჩევნებამდე საქართველოს პარლამენტში ერთი დეპუტატით ნაკლები იქნება.
ხმები წასვლის შესახებ
ხმები იმის შესახებ, რომ სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოს დატოვებას გეგმავდა, მასმედიაში ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა.
მაშინ ხუთმა დეპუტატმა, რომლებიც პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით მოხვდნენ, სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში კი მათი ადგილი პარტიული სიით მომდევნო პირებმა დაიკავეს.
დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს>>
მაშინ სერგეენკო მათ შორის არ აღმოჩნდა. თუმცა, მარტის ბოლოს მმართველმა პარტიამ იგი ორი საპარლამენტო კომიტეტიდან – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვია.
იმ პერიოდში თავად სერგეენკომ არ გასცა ცალსახა პასუხი კითხვაზე, ტოვებს თუ არა ის პარტიას და მანდატს. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ მისთვის მეათე მოწვევის პარლამენტი არის ბოლო სამუშაო ადგილი საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში. სერგეენკომ დასძინა, რომ ექიმად მუშაობა ურჩევნია.
ყველა ახალი ამბავი
0