ლევილის მამული ფართომასშტაბიან ფესტივალს უმასპინძლებს

© Ministry of Culture, Sports and Youth of Georgiaლევილის მამული
ლევილის მამული - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
გამოწერა
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ლევილის ქართულ მამულში 29 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ფართომასშტაბიანი ფესტივალი ჩატარდება მრავალი კულტურული ღონისძიებით, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა. მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სამინისტროსთვის ეს ერთგვარი ექსპერიმენტია და თუ ღონისძიება წელს წარმატებით ჩატარდება, ლოჯისტიკურად და შინაარსობრივად ყველაფერი კარგად ჩაივლის, ფესტივალი მომავალი წლიდან ტრადიციად იქცევა.
წელს ღონისძიებები 29 ივლისიდან მომდევნო ოთხი შაბათ-კვირის განმავლობაში გაიმართება. მინისტრის თქმით, ფესტივალი ევროპაში მყოფი ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის ტარდება.
რა გაკეთდა ლევილის მამულში ერთი წლის განმავლობაში>>>
იგეგმება თოჯინების თეატრის რამდენიმე სპექტაკლის ჩვენება, ასევე ქართული ფოლკლორის – ქართული მრავალხმიანობის და ცეკვის საღამო. ფესტივალს დახურავენ გელა ფოცხიშვილის ანსამბლი და საქართველოს ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“.
ფესტივალზე მიწვეული არიან დრამატული თეატრებიც: ნაჩვენები იქნება დმანისის თეატრის სპექტაკლი „ხალდე“. სტუმრების წინაშე წარდგება ქუთაისის კამერული გუნდი, ქუთაისის ქორეოგრაფიული ანსამბლი, ამბროლაურის ანსამბლი, ქალთა ანსამბლები და ანსამბლი „ბასიანი“.
„ეს არის პირველი წამოწყება, რომ ლევილში ჩვენს გარდასულ წინაპრებს, მათ სულებს დავანახოთ, რომ ჩვენ ისევ ცოცხლები და დამოუკიდებლები ვართ და ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის დღესაც ვიბრძვით, მათ შორის ჩვენი კულტურით, ცეკვითა და სიმღერით“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ლევილის მამულის ისტორია
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილი მთავრობის წევრებმა — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ "მორალურ ანდერძში" დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.
ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.
ამჟამად ლევილში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები, რითაც საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს და გააგრძელებს დიდ ტრადიციას, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა და წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი.
ყველა ახალი ამბავი
0