პენიტენციური სამსახური: პოლონელი ექიმი სააკაშვილის ანალიზის გატანას ფეხსაცმლით შეეცადა

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
გამოწერა
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით ფარულად გატანას შეეცადა, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით მიმდინარე კვირაში იმყოფებოდა. მათ ისე დატოვეს კლინიკა, რომ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონეთიდან ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
რაც შეეხება პოლონელ ექიმებთან დაკავშირებულ ინციდენტს, ვინაიდან სააკაშვილი მსჯავრდებულია, მის პალატაში სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.

„ვიზიტის დროს ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან აღნიშნულია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ თავად სამსახურმა მისცა.
„შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას", – ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
უწყების ცნობით, ექიმმა ლოგიკურად ვერ ახსნა თავისი ქმედება. პოლონელმა ექიმებმა სააკაშვილი 12 ივლისს მოინახულეს.
მსჯავრდებული სააკაშვილი
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში".
როგორ შეაფასეს პოლონელმა ექიმებმა სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკა - „ვივამედის" პასუხი>>>
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0