ვაჭრობა და განახლებადი ენერგია - რა საკითხები განიხილა ინვესტორთა საბჭომ

© Government of Georgiaინვესტორთა საბჭოს სხდომა
ინვესტორთა საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
გამოწერა
საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად და მიესალმება პარტნიორების მხარდაჭერას ამ მიმართულებით, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ინვესტორთა საბჭოს განხილვის მთავარი თემა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების სტიმულირების საკითხი იყო.
ინვესტორთა საბჭოს სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიაში რეგიონული დირექტორის კატარინა ბიორლინ ჰანსენის მონაწილეობით გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივები და იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად და მიესალმება ამ მიმართულებით პარტნიორების მხარდაჭერას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 2022 წლის პირველი კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 13,7%-ით შემცირდა და 496,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა.
უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი პოზიციები ეკავათ ნიდერლანდს, იაპონიას, აშშ-ს, თურქეთს, რუსეთს, მარშალის კუნძულებს, ყაზახეთს, ჩინეთს და ა.შ.
რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ 2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 61,1%-ით მეტია.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული სექტორები იყო მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა.
ინვესტიციები ასევე განხორციელდა მშენებლობაში, ხელოვნებაში, დასვენებასა და გართობაში, ფინანსურ და სადაზღვევო საქმიანობაში, პროფესიულ და სამედიცინო საქმიანობაში, ასევე სასტუმროებსა და რესტორნებში.
ყველა ახალი ამბავი
0