ზღვა სუფთაა, ვიყოთ მშვიდად - ეკოლოგი შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე

© photo: Sputnik / Stringerსარფი
სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2023
გამოწერა
კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. აჭარის შავი ზღვის აკვატორია ნამდვილად დაცულია, ანალიზის შედეგები ადასტურებს, რომ იქ წყალი სუფთაა, განაცხადა ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „პირველი არხის" ეთერში.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზეზით შავი ზღვის მარილიანობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამას ზღვაში დიდი რაოდენობით მტკნარი წყლის მოხვედრით ხსნიან.

„ამაზე არა მარტო ზეპირად ვსაუბრობთ, არამედ ამას ანალიზებიც უჩვენებს, რომ ზღვა სუფთაა ჩვენს სანაპიროზე. შესაძლოა, დაბინძურებამ ჩვენამდე საერთოდ არ მოაღწიოს, რადგანაც მან დინებით ჯერ უნდა გაიაროს თურქეთის სანაპირო და მხოლოდ შემდეგ შეიძლება მოაღწიოს რაიმემ საქართველოს ტერიტორიამდე. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ის ვერ შევა“, – განაცხადა ჩხობაძემ.

როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ამ ეტაპზე შეუძლებელია კლიმატურმა პირობებმა გავლენა მოახდინოს ზღვის დინების მიმართულებაზე და დააჩქაროს საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების პროცესი.

„ასე რომ, ვიყოთ მშვიდად. ზოგჯერ აღშფოთებული ვარ, როცა მოსახლეობა ამბობს, თითქოს რადიაციული დაბინძურებაა. რადიაციული დაბინძურება საერთოდ არ ყოფილა და საერთოდ არ მომხდარა არანაირი რადიაციული წყაროს გაჟონვა. ასე რომ, ეს ზედმეტი მღელვარება და რაღაც ჭორების გავრცელებაა", – განაცხადა ჩხობაძემ

მისი თქმით, რადიაციული დაბინძურება საერთოდ არ ფიქსირდება იმ ზონაშიც კი, სადაც ტრაგედია მოხდა.
ჩხობაძის განმარტებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ზღვის წყლის მონიტორინგი გააძლიერა, აჭარის მთელ სანაპიროზე ბაქტერიოლოგიური შეფასება ხორციელდება, კონტროლდება ფოთის აკვატორია და კარგი იქნება, თუ სამეგრელოსა და გურიის რეგიონების აკვატორიებიც შემოწმდება. ამ დროისათვის სამეგრელოში მხოლოდ ფოთი მოწმდება.
ამასთან, როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, მიმდინარე კვირის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში წყალდიდობების შედეგად ძალიან ბევრი რამ მოხვდა შავ ზღვაში, მაგრამ ზღვის წყლის გაზავების პროცენტი იმდენად დაბალია, რომ არანაირი ნივთიერების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება არ ფიქსირდება.
„ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ დამხრჩვალი ქათმები, ღორები და ა.შ. იქნება ჩამოტანილი მდინარეების მიერ, მაგრამ ზღვისთვის ეს არ არის დიდი პრობლემა, რადგან ზღვა ასეთ მცირე დაბინძურებას ადვილად უმკლავდება", – განაცხადა ჩხობაძემ.
აბსოლუტური აბსურდი: სპეციალისტი საქართველოს სანაპიროებზე ზღვის წყლის შესაძლო დაბინძურებაზე>>>
სპეციალისტმა ასევე უპასუხა შეკითხვას, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად დიდი ოდენობით ჩამოდენილმა მტკნარმა წყალმა შავ ზღვაში მარილიანობის მაჩვენებელი შეამცირა. ჩხობაძის თქმით, დნეპრი ყოველთვის ჩაედინებოდა შავ ზღვაში, ისევე, როგორც ბევრი სხვა მდინარე და იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლებოდა დიდი ნაკადის შედეგად მარილიანობა ოდნავ შემცირებულიყო. თუმცა, შემდგომში ზღვა ყოველთვის აღადგენს მარილიანობას და ეს სტაბილური მარილიანობაა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის მორიგი შემოწმების შედეგები უკვე რამდენჯერმე გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, აღებული სინჯები ნორმის ფარგლებშია. ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ათ დღეში ერთხელ ახორციელებენ.
ივნისში აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.
ყველა ახალი ამბავი
0