საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის კოდექსის ძირითადი განხილვა დაასრულა - მთავარი სიახლე

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2023
გამოწერა
თავდაცვის განახლებული კოდექსი და მისგან გამომავალი ცვლილებები მხოლოდ 2025 წელს ამოქმედდება.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომლებიც სამხედრო სამსახურის ცვლილებებს ითვალისწინებს.
დეპუტატებს 41 კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისთვის სამი დღე დასჭირდათ.
პაკეტის ძირითადი ცვლილებები ეხება საქართველოს თავდაცვის განახლებულ კოდექსს, რომლებიც პროფესიული ჯარისა და სავალდებულო სამსახურის რეფორმას ითვალისწინებს.
პროექტის მთავარი სიახლე გახდა სავალდებულო სამსახურში გაწვევის ფასიანი გადავადების შესაძლებლობა. თავდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა დეპუტატების მოთხოვნა და ამოღებული ნორმა პროექტს დაუბრუნა.
სიახლის მიხედვით, ჯარიდან გადავადების მიღება მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი და მისი საფასური 5000 ლარს შეადგენს.
ზოგადად, თავდაცვის განახლებული კოდექსი და მისგან გამომავალი ცვლილებები მხოლოდ 2025 წელს ამოქმედდება. მანამდე როგორც სამხედრო სამსახურიც, ისე გაწვევა სავალდებულო სამსახურში მოქმედი სისტემით განხორციელდება.

გაწვევის სიახლეები

2025 წლიდან გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად აირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე:
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
გარდა ამისა, ყველა გაწვეულს ეკუთვნის დასვენება ოფიციალურ უქმე დღეებში. გამონაკლისია წვრთნები ან განსაკუთრებული რეჟიმი, ასევე დისციპლინური სასჯელი.
სამსახურის პერიოდში გაწვეულებს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხელფასი საჯარო სამსახურის შემთხვევაში, ყველა ის შეღავათი, რომლებითაც ის სარგებლობდა გაწვევამდე, ასევე გაწვეული უფასოდ ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ოპოზიცია თავდაცვის განახლებული კოდექსის წინააღმდეგია - მთავარი არგუმენტები >>
სიახლის მიხედვით, პროექტის ფარგლებში ყველა კონფესიის მღვდელმსახურები გაივლიან ალტერნატიულ მსახურებას, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი – წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში ან სწავლის პერიოდში ინტენსიური კურსი ოფიცრის წოდების მისაღებად.
მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავს ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებს.

თავდაცვის ძალების სიახლეები

თავად სამხედრო სამსახური მოიცავს რეგულარულ და სარეზერვო სამსახურს. რეგულარულ სამხედრო სამსახურში პროფესიული და ვადიანი სამსახური იქნება, ხოლო სარეზერვო სამსახური გულისხმობს აქტიურ სარეზერვო სამსახურს და სამობილიზაციო რეზერვს.
ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურად და სპეციალისტთა რეზერვად, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი შედგება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისა და საერთო სამობილიზაციო რეზერვისგან.
ამასთან, პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი მხოლოდ თავდაცვის ძალებში მომსახურეებს ექნებათ, დანარჩენებს – სპეციალური წოდებები.
სამხედრო სამსახური თავსებადი იქნება მხოლოდ სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით, სამედიცინო საქმიანობასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და საწარმოო საქმიანობასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობასთან.
ამ შემთხვევაში შეთავსება სავალდებულო იქნება სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის.
აგრეთვე იცვლება სამხედრო მოსამსახურეთათვის წოდებების მინიჭების სისტემაც. უმცროსი ოფიცრის წოდების მინიჭების ვადები შემცირდება.
ყველა ახალი ამბავი
0