ოპოზიცია თავდაცვის განახლებული კოდექსის წინააღმდეგია - მთავარი არგუმენტები
21:15 11.07.2023 (განახლებულია: 22:57 11.07.2023)
© Ministry of Defence of Georgia საქართველოს თავდაცვის ძალების დღე
© Ministry of Defence of Georgia
გამოწერა
თავდაცვის განახლებული კოდექსი გულისხმობს გაწვევის შემოღებას მხოლოდ სამხედრო სამსახურში, სასულიერო პირთათვის შეღავათების გაუქმებას და ჯარში სამსახურის სისტემის შეცვლას.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს დაუჭიროს მხარი თავდაცვის განახლებულ კოდექსს, რომელიც 2025 წლიდან ჯარის ახალ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
თავდაცვის განახლებული კოდექსი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მეორე მუხლობრივი მოსმენით განიხილავს, გულისხმობს გაწვევის შემოღებას მხოლოდ სამხედრო სამსახურში, სასულიერო პირთათვის შეღავათების გაუქმებას და ჯარში სამსახურის სისტემის შეცვლას.
პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა" 2017 წელს დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. „გირჩის“ ამ საშუალებით საკმაოდ ბევრმა ახალგაზრდამ ისარგებლა. თუმცა, 2024 წლიდან, თავდაცვის განახლებული კოდექსის თანახმად, სამღვდელო პირები ამგვარი შეღავათით ვეღარ ისარგებლებენ.
სწორედ ეს ოპოზიციური პარტიაა განახლებული კანონის მიღების მთავარი მოწინააღმდეგე და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებსაც მართავს.
„წვევამდელების გაწვევა მხოლოდ იმიტომ სჭირდებათ, რომ იფიქრონ არა ჯარზე, არამედ წინასაარჩევნოდ ახალგაზრდებზე ზეწოლის ინსტრუმენტები ჰქონდეთ“, – განაცხადა პარტიის დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა.
ხოლო პარტია „მოქალაქეები“, რომელმაც პროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, ახლა მის წინააღმდეგ გამოვიდა.
„ჩემთვის მთელი მავნებლობა არის იმაში, რომ თუ ახალი სისტემით გაწვევა უნდა დავიწყოთ 2025 წლის 1 იანვრიდან, მაშინ ეს ცუდი გაწვევის სისტემაა, ბავშვების წვალების, რაც ახლა გვაქვს, მათ იაფ მუშახელად გამოყენების სისტემა, გავაჩეროთ მაშინ წელიწად-ნახევარი და ახლებურად, სახელმწიფოს რომ სჭირდება, ისე დავიწყოთ 2025 წლის 1 იანვრიდან. თქვენ ამას არ აკეთებთ, არ გინდათ დააპაუზოთ“, – ასე ახსნა ელისაშვილმა, თუ რატომ არ უჭერს ის მხარს კანონპროექტს.
კოდექსი ასევე არ მოსწონს ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტებს“.
„არის გარკვეული მუხლები, რაც შეიძლება გავიზიაროთ, მაგრამ ზოგადად ზერელე დამოკიდებულებაა. იქნება პოლიტიკური რეპრესიები, რაც მალე გამოჩნდება და ეს იქნება წინასაარჩევნოდ გაწვევის დროს. მნიშვნელოვანია, რომ გაცილებით უკეთ დამუშავებულიყო და პარტნიორებთან ყოფილიყო გავლილი, ხოლო განხილვა სექტემბრისთვის ყოფილიყო გადატანილი“, – განაცხადა ჯგუფის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის პროტესტი მერკანტილურ ხასიათს ატარებს.
„ისინი („გირჩი“) ჯარიდან თავის არიდებაში ფულს იღებდნენ, ფულს აკეთებდნენ, მექრთამეობით იყვნენ დაკავებული და ამის საშუალება აღარ აქვთ. აქედან გამომდინარე, მათ სუბიექტური მიზეზი აქვთ, რომ ამ კოდექსის მიღება არ მოხდეს, მაგრამ ცვლილებების მიღება აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ცვლილებების არსი
ცვლილებები პროფესიული ჯარისა და სავალდებულო სამსახურის რეფორმას ითვალისწინებს. პროფესიულ ჯარში იცვლება წოდებების მიღების ვადები და პირობები, ხოლო სავალდებულო სამსახურის რეფორმა გულისხმობს გაწვევაზე გადასვლას მხოლოდ თავდაცვის ძალებში, ნაცვლად სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა.
თავად სამსახურის ვადა არ იქნება სავალდებულო ერთი წელი, როგორც ეს მოქმედი კანონით არის დადგენილი, არამედ დამოკიდებული იქნება ინტენსივობაზე. გაწვევის ცალკეული ტიპი იქნება სტუდენტებისთვის, რომელთათვისაც უნივერსიტეტში სწავლა აღარ იქნება სავალდებულო სამსახურიდან გადავადების მიზეზი, არამედ საშუალებას მისცემს მათ სამეცნიერო ხარისხთან ერთად მიიღონ უმცროსი ოფიცრის წოდება.