თბილისში ნაკლები „საცობი“, ჰაერი კი უფრო სუფთა იქნება - მერიის ახალი პროექტი

© photo: Sputnik / Stringerთბილისი - ჭავჭავაძის გამზირი
თბილისი - ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2023
გამოწერა
ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის პროექტი ქალაქში „საცობების“ შემცირებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია იწყებს ახალ პროექტს – „მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს არის ხუთწლიანი პროექტი, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) მხარდაჭერით განხორციელდება და მიზნად ისახავს ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის სტაბილურ განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 2022 წლის სექტემბერში KFW-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სასესხო და საგრანტო შეთანხმებები გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 47 მილიონი ევროს ოდენობით შეღავათიანი სესხის და 1,5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას.
დასახელდა თბილისის ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილი>>>
„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ ითვალისწინებს ქალაქში სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას პრობლემური კვანძების დარეგულირების მიზნით.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მდგრადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელის შესაქმნელად შემუშავდება ინტეგრირებული მულტიდისციპლინური მიდგომაც. კერძოდ, „ჭკვიანი" სატრანსპორტო სისტემის დანერგვით გათვალისწინებული იქნება მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების საკითხი.
პროექტი ასევე გააფართოვებს ეკოსატრანსპორტო ქსელს, რაც გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
როგორც მერიაში აღნიშნეს, ღონისძიების ერთობლივად განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება ჰაერის დაბინძურების ხარისხი და ტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეული გამონაბოლქვი.
გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას.
ყველა ახალი ამბავი
0