დასახელდა თბილისის ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2023
გამოწერა
ზოგიერთ მონაკვეთზე ჰაერის დაბინძურება ორჯერ აღემატება დადგენილ ნორმას, აღნიშნა ექსპერტმა.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება, განაცხადა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნოე მეგრელიშვილმა.
ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით ფიქსირდება იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ინტენსიურია ავტომობილების მოძრაობა. რუსთაველის გამზირის შემდეგ ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ადგილებად დასახელდა მელიქიშვილის, პეკინის, ქეთევან წამებულის გამზირები და დადიანის ქუჩა.

„მინდა გავამახვილო ყურადღება აზოტის დიოქსიდზე, რადგანაც იგი პირდაპირ კავშირშია ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვთან. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება დედაქალაქში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ავტომობილი გადაადგილდება ყოველდღიურად“, – განაცხადა მეგრელიშვილმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში აზოტის დიოქსიდი ორჯერ აღემატება დადგენილ ნორმას, და 2022 წლიდან კონცენტრაციის მატება ერთმნიშვნელოვნადაა გამოხატული, რაც განპირობებულია მანქანების რაოდენობის ზრდით.
როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, გასულ წელს ჰაერის ხარისხის ნორმის გადაჭარბება პირველად დაფიქსირდა რეკრეაციულ ზონაში – 9 აპრილის პარკში. ზოგადად, ჰაერის დაბინძურების კუთხით ორი პრობლემაა – მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი.
საქართველო 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს შეზღუდავს>>>
2019 წლიდან შეინიშნებოდა კონცენტრაციების მცირედი კლების ტენდენცია. ეს იმის შედეგი იყო, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის – ტექნიკური დათვალიერება, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება და ა.შ.
თუმცა, 2022 წლიდან კვლავ შეინიშნება კონცენტრაციების ზრდა, რაც პირდაპირ კავშირშია ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან, განაცხადა მეგრელიშვილმა.
სპეციალისტი ასევე შეეხო მთავრობის ინიციატივას, რომლის თანახმადაც 2024 წლის 1 იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი შეიზღუდება. აღნიშნული ინიციატივა გააუმჯობესებს ქვეყნის ავტოპარკს, რაც გამოიწვევს მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის შემცირებას, მიიჩნევს ექსპერტი.
მისი თქმით, მომავალი წლიდან „ევრო 5"-ის სტანდარტი დაინერგება, რაც ნიშნავს, რომ „ევრო 5"-ის სტანდარტზე უარესი ავტომობილი საქართველოს ავტოპარკს ვეღარ შეემატება. დღეისათვის მოქმედებს „ევრო 4"-ის სტანდარტი.

„ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გააუმჯობესებს ჩვენი ავტოპარკის ტექნიკურ მდგომარეობას, ეტაპობრივად გააახალგაზრდავებს მას, რაც, რა თქმა უნდა, მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვს შეამცირებს", – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა ყველა ავტომობილისთვის. სამგზავრო ტრანსპორტი და ტაქსი უნდა გადიოდეს ტექდათვალიერებას ყოველ 6 თვეში, სატვირთო ავტომობილები – წელიწადში ერთხელ.
მსუბუქი ავტომობილებისთვის, ელექტრომობილებისთვის და პიკაპებისთვის ტექდათვალიერების პერიოდულობა გამოშვების წელზეა დამოკიდებული. ავტომობილი პირველ ტექინსპექტირებას გადის გამოშვებიდან 4 წლის შემდეგ, 4-დან 8 წლამდე – ყოველ 2 წელიწადში. 8 წლის ზემოთ გამოშვებული ავტომობილები კი ტექდათვალიერებას ყოველწლიურად უნდა გადიოდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0