ირაკლი კობახიძე: ადვოკატი კრიპტოთაღლითობის საქმის პოლიტიზებას ცდილობს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2023
გამოწერა
ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც სავარაუდო დანაშაულს უკავშირდება და ეს საქმე სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა განიხილებოდეს, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის გაფლანგვასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის დაცვის მხარე საქმის პოლიტიზებას ცდილობს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მანამდე მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა მოგვიანებით, როცა გაჩნდა სერიოზული საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტში ინვესტირებული თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, მათ შორის ბაჩიაშვილის მიერ, ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და ბაჩიაშვილის მიერ ინვესტორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით. ბრალდებულის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა საპასუხოდ განაცხადა, რომ წიქვაძის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს. მან ბრალდებებს ცრუ და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

„ამ თემას არ ჩავუღრმავდები. ხედავთ, რომ იქითა მხარის ადვოკატი ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მიზანი ჩანს, რაც არის, ეს არის არასწორი. ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც სავარაუდო დანაშაულს უკავშირდება და საქმე განხილული უნდა იყოს სამართლებრივ ჭრილში. ამ დროს კი ბაჩიაშვილის ადვოკატი ამ საქმის პოლიტიზებას ცდილობს“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მანამდე წიქვაძემ აბსურდული უწოდა ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის მხრიდან საკუთარი დარღვეული უფლებების დასაცავად იურიდიული მექანიზმების გამოყენება ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება. როგორც ადვოკატმა განმარტა, ივანიშვილს ბაჩიაშვილთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა, თავად ბაჩიაშვილს კი პოლიტიკური საკითხებისადმი რაიმე განსაკუთრებული ინტერესი არ ახასიათებდა.
შესაბამისად, ადვოკატის თქმით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაკავშირება ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან სრულიად უსაფუძვლო ბრალდებაა.

კრიპტოთაღლითობის საქმე

6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
საქმის გამოძიების დასრულებამდე ბაჩიაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და დაევალა მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის ზაფხულში მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე.
ხელშეკრულების ღირებულებად 6,3 მლნ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 მლნ დოლარს, ხოლო ბრალდებულის – 1,3 მლნ დოლარს.
შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე შეთანხმების თანახმად, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტოსაფულეზე.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს >>
ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ერთწლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24.661,85 ბიტკოინი, საიდანაც, ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8.253,13 ბიტკოინს შეადგენდა.
ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536.900 დოლარი გადასცა, ხოლო ინვესტორის კუთვნილი დარჩენილი 8.253,13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39,2 მლნ დოლარს შეადგენდა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.
აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8.253,13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.
ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0