საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს

CC BY 2.0 / Ivan Radic / Close-up of a physical coinsკრიპტოვალუტა
კრიპტოვალუტა - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2023
გამოწერა
თანაინვესტირების ფონდიდან და შპს „მტკვარი ჰესიდან“ პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელსაც მანამდე დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის გაფლანგვასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, სრულად თანამშრომლობს პროკურატურასთან და მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ობიექტურ გამოძიებაში, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
მანამდე ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა მოგვიანებით, როცა გაჩნდა სერიოზული საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტში ინვესტირებული თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, მათ შორის ბაჩიაშვილის მიერ, ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და ბაჩიაშვილის მიერ ინვესტორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით.
კერძოდ, საუბარია ერთ-ერთ ენერგეტიკულ პროექტზე – „მტკვარი ჰესის“ მშენებლობაზე. აღნიშნული პროექტი წლების მანძილზე გაჩერებული იყო, 2014 წელს კი მშენებლობის განახლების მიზნით საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სრულად შეისყიდა.

„თანაინვესტირების ფონდიდან და შპს „მტკვარი ჰესიდან“ პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები. სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია, ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას“, – ნათქვამია საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ივანიშვილის ადვოკატის განცხადებაშია აღნიშნული, თავდაპირველი გათვლებით, პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში პროექტის მშენებლობის ღირებულება, დაგეგმილთან შედარებით, 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
კრიპტოვალუტის საქმე: გიორგი ბაჩიაშვილს გირაო შეეფარდა >>
პროექტის მშენებლობას თანაინვესტირების ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის აპრილამდე იკავებდა, ხოლო შემდეგ გახდა ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
„დღევანდელი მონაცემებით, პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ, ბუნებრივია, წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
ივანიშვილმა მილიონები დაკარგა - ადვოკატი კრიპტოთაღლითობის საქმეზე>>
ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო, მაგრამ პროექტი დღესაც დაუსრულებელია.
ივანიშვილის ადვოკატის თქმით, აღნიშნული, სავარაუდოდ, განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც სამართალდამცველი უწყებების მხრიდან დამატებით შესწავლას საჭიროებს.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილს ჰქონდა კომუნიკაცია ბრალდებულ ბაჩიაშვილთან და განუცხადა კიდეც მას, რომ ჩადენილ ქმედებებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ისევე, როგორც სხვა პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ არაკეთილსინდისიერ და დანაშაულებრივ საქმიანობაში.
სწორედ მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, ივანიშვილი დაინტერესდა ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა.
არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება, რაც დაზარალებული მხარის პოზიციით აშკარა შეუსაბამობაშია ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან.
ადვოკატის თქმით, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლოგიკურია ივანიშვილის ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა შესაბამისი ქონება მოიპოვა სწორედ მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით, ასევე, შესაძლოა, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით თანხებით.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა ის გარემოება, რომ ბაჩიაშვილი ამჟამად არის საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კრიპტოპლატფორმის/კრიპტობირჟის ძირითადი ბენეფიციარი–მესაკუთრე, რომელსაც ფლობს სხვადასხვა იურიდიული პირების მეშვეობით.

კრიპტოთაღლითობის საქმე

6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
საქმის გამოძიების დასრულებამდე ბაჩიაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და დაევალა მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე.
ხელშეკრულების ღირებულებად 6,3 მლნ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 მლნ დოლარს, ხოლო ბრალდებულის - 1,3 მლნ დოლარს.
შეთანხმებისამებრ, ბრალდებულს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე შეთანხმების თანახმად, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტოსაფულეზე.
ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ერთწლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24.661,85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8.253,13 ბიტკოინს შეადგენდა.
ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536.900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8.253,13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39,2 მლნ დოლარს შეადგენდა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.
აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8.253,13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.
ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0