გველები საქართველოში - სტატისტიკა და მოქცევის წესები

© photo: Sputnik / Lev Ustinov / გადასვლა მედიაბანკშიგიურზა
გიურზა - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2023
გამოწერა
საქართველოში გავრცელებული გველის 24 სახეობიდან რვა შხამიანია და აქედან ყველაზე საშიშია გიურზა, განაცხადა ჰერპეტოლოგმა რატი მამუკაშვილმა პრესკონფერენციაზე.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ბოლო დროს სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში მომხმარებლები ხშირად აქვეყნებენ გველების ფოტოებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გვხვდება. ამის გამო მოსახლეობა ქვეყანაში ქვეწარმავლების რაოდენობის გაზრდაზე ალაპარაკდა.
როგორც ჰერპეტოლოგმა რატი მამუკაშვილმა განაცხადა, იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში პრაქტიკულად ყველა დაჭერილი გველის ფოტო გამოქვეყნდა, აჟიოტაჟი დაიწყო – თითქოს წელს საქართველოში გველების შემოსევა ფიქსირდება, ეს კი სინამდვილეს არ შეესაბამება.
გადაიარა იმ პერიოდის პიკმა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობას გველები ხვდებოდა, აღნიშნა სპეციალისტმა და დაამატა, რომ ეს წელი წინა წლებისგან არაფრით განსხვავდება.
ყველაზე მეტად საქართველოში გავრცელებულია ე.წ. უფეხო ხვლიკები – გველხოკერა, რომელსაც ასევე გველს უწოდებენ. სპეციალისტის თქმით. ისინი ადამიანებისთვის უწყინარი არიან და მღრღნელებს ანადგურებენ.
ყველაზე აგრესიული გველი, რომელიც თბილისში გვხვდება, წითელმუცელა მცურავია. სხვა გველების მსგავსად, ისიც არ ესხმის თავს ადამიანებს და ცდილობს მათ გვერდი აუაროს. ეს სახეობა შხამიანი არც არის.
რა უნდა გავაკეთოთ შხამიანი გველის კბენის შემთხვევაში
საქართველოში ყველაზე გავრცელებული შხამიანი გველია გიურზა. მისი გავრცელების არეალია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გიურზა არაა აგრესიული სახეობა და ყველანაირად ცდილობს ადამიანებს მოერიდოს, რადგან მათ საფრთხედ აღიქვამს.
რაც შეეხება გველის ნაკბენს, ნაკბენი შეიძლება გასივდეს, გაშავდეს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაწოლა, ბევრი წყლის დალევა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკვა ან უახლოეს სამედიცინო პუნქტში მისვლა.
დაივიწყეთ შხამის ამოწოვა და ლახტის დადება: პირველი დახმარება გველის ნაკბენისას>>
ჰერპეტოლოგმა მითი უწოდა ხალხში გავრცელებულ აზრს, რომ გველის კბენის შემდეგ შხამი უნდა ამოიწოვოს, ამოიწვას და ა.შ. მისი თქმით, ეს აბსოლუტურად არაეფექტური მეთოდია და არ არის რეკომენდებული.
სპეციალისტი აღნიშნავს, რომ შხამიანმა გველმა შეიძლება უკბინოს ადამიანს, მაგრამ, ამავე დროს, შხამი არც გამოუშვას, რადგან ის უფრთხილდება მას და მაქსიმალურად ცდილობს, ტყუილად არ დახარჯოს.
არაშხამიანი გველის ნაკბენი ადამიანის ჯანმრთელობას არ ვნებს – საშიში არაა და არც აინფიციერებს ადამიანს.
როგორ უნდა მოვიქცეთ გველის დანახვისას
თუ გველი შეგხვდათ, მთავარია არ ეცადოთ მის დაჭერას ხელით. სწორედ ასეთ შემთხვევაში ესხმის გველი ყველაზე ხშირად ადამიანს და კბენს, აღნიშნა სპეციალისტმა.
აუცილებელია რამდენიმე ნაბიჯის უკან გადადგმა და გველისთვის ამგვარად წასვლის საშუალების მიცემა. ამასთან, კარგი იქნება, თუ დაიმახსოვრებთ გზას, საით გაცურავს ქვეწარმავალი, რომ შემდეგ სპეციალისტებს შეატყობინოთ, აღნიშნა მან.
მამუკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ გველი ადამიანს მაშინვე არ ესხმის თავს. ის ჯერ სისინს იწყებს, რათა ადამიანმა გაცლა შეძლოს.
ყველა ახალი ამბავი
0