დაივიწყეთ შხამის ამოწოვა და ლახტის დადება: პირველი დახმარება გველის ნაკბენისას
16:53 30.05.2022 (განახლებულია: 22:16 30.05.2022)
© photo: Sputnik / Ustinov
/ გამოწერა
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იზრდება ადამიანის გველისგან დაკბენის რისკი.
ამიტომ ქვემოთ რამდენიმე აუცილებელ და ფრიად საყურადღებო რეკომენდაციას გაგაცნობთ, რაც დაკბენილისთვის პირველი დახმარების სწორად გაწევაში დაგეხმარებათ.
როგორც სპეცილიასტები ამბობენ, გველის ნაკბენის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, თუ რამდენად სწრაფად აღმოუჩენენ ექიმები პაციენტს სამედიცინო დახმარებას, არამედ იმასაც, თუ რამდენად სწორად გაეწევა დაკბენილს პირველი დახმარება ადგილზევე.
თავდაპირველად იმ სიმპტომებს შეგახსენებთ, რომლებსაც გველის ნაკბენი იწვევს.
გველის ნაკბენის შესაძლო 14 სიმპტომი:
ნაკბენი ადგილის გაბუჟება;
ტკივილისა და შეშუპების თანდათანობით გავრცელება დაზიანებულ მკლავსა თუ ფეხში (როგორც წესი, გველები ადამიანს სწორედ კიდურებზე კბენენ) და მათ ფარგლებს გარეთ;
ბუშტუკების წარმოქმნა სეროზული (გამჭვირვალე ცილოვანი სითხე) ან სეროზულ-ჰემორაგიული (სისხლნარევი) შემცველობით;
მოძრაობის შეზღუდულობა — მაგალითად, ხელში კბენისას მკლავი აღარ იხრება;
გადიდებული ლიმფური კვანძები;
ზოგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ნეკროზი;
ძილიანობა, სისუსტე ან ზოგჯერ, პირიქით, აგზნება;
თავბრუსხვევა;
გულისრევა და ღებინება;
შემცივნება;
ტაქიკარდია;
არტერიული წნევის დაქვეითება კბენიდან 4-12 საათის შემდეგ;
ქოშინი;
სიმშრალე და მწარე გემო პირში.
რა არ უნდა გაკეთდეს არავითარ შემთხვევაში
სპეციალისტების თქმით, გველის ნაკბენის შემთხვევაში არ არის საჭირო დახმარების რაიმე ექსტრემალური მეთოდის გამოყენება — იქნება ეს ლახტის („ჟგუტის“) დადება, შხამის ამოწოვა, ნაკბენის გაჭრა, ცეცხლით მოწვა თუ ყინულის დადება.
კვლევებმა აჩვენა, რომ ყველა ეს მეთოდი არაეფექტური, ზოგიერთი კი საშიშიც კია, ვინაიდან შეუძლია გამოიწვიოს ინფიცირება და სისხლდენის გაძლიერება.
მაგალითად, გველისგან დაკბენილ კიდურზე ლახტის დადება აუარესებს დაზარალებულის მდგომარეობას, პროვოცირებს განგრენულ მოვლენებს და ზრდის სიკვდილის რისკებს.
რაც შეეხება შხამის ამოწოვას, ამ გზით სხეულიდან მხოლოდ შხამის 20% თუ გამოიდევნება, სამაგიეროდ ძალიან მაღალია ნაკბენიდან ორგანიზმში ინფექციის შეტანის შანსი.
რა უნდა გაკეთდეს პირველი დახმარებისთვის
უპირველესად გახსოვდეთ, რომ გველის ყველა ნაკბენი არ იწვევს მოწამვლას — შემთხვევათა დაახლოებით 50%-ში გველს ნაკბენში შხამი არ შეჰყავს. ამას „მშრალი ნაკბენი“ ჰქვია.
თუ ნაკბენი ხელზეა, დაუყოვნებლივ მოხსენით დაკბენილს ბეჭდები, სამაჯურები თუ სხვა სამკაულები. გველის კბენისას ძალიან სავარაუდოა შეშუპება და სამკაულები სისხლის მიმოქცევას ხელს შეუშლის.
მიეცით ანტიჰისტამინური საშუალება.
შეეცადეთ არ ამოძრავოს დაკბენილი ხელი ან ფეხი. კუნთების შეკუმშვა ხელს უწყობს შხამის გავრცელებას მთელ ორგანიზმში.
გამოიძახეთ სასწრაფო, ან დაზარალებული რაც შეიძლება მალე გადაიყვანეთ უახლოეს საავადმყოფოში. ამასთან დაკბენილმა თავად არ უნდა იმოძრაოს, არ უნდა იაროს ფეხით. თუ ისეთ ადგილზე ხართ, სადაც ავტომობილი არ არის, ხელთ არსებული საშუალებებით მოაწყვეთ რამე საკაცის მსგავსი.
თუ შეძლებთ, გადაუღეთ სურათი გველს — ეს შესაძლოა დაეხმაროს სპეციალისტებს მის ამოცნობაში და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნაში.
საავადმყოფოში მისვლამდე დაალევინეთ ბევრი წყალი, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია და დააჩქაროთ შხამის გამოდევნა ორგანიზმიდან. ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ალკოჰოლი — ეს აკრძალულია.
მკურნალობა კლინიკაში
კლინიკაში ექიმი განსაზღვრავს, სჭირდება თუ არა გველისგან დაკბენილ პაციენტს სტაციონარში მკურნალობა (რაც ჩვეულებრივად 10-12 დღეს მოიცავს), ან „ანტიგველური შრატის“ შეყვანა. ექიმი ამის საჭიროებას შეშუპების გავრცელების სისწრაფის მიხედვით დაადგენს.
თუ შრატის გაკეთება აუცილებელი არ არის, პაციენტს ტეტანუსის საწინააღმდეგო პრეპარატს შეუყვანენ.
გარდა ამისა, თუ პაციენტის მდგომარეობა საშუალებას იძლევა, ანუ თუ მას ქრონიკული დაავადებები არ აქვს, შეიძლება ჩატარდეს ჰიპერბარული ოქსიგენაცია — ქსოვილების ჟანგბადით გაჯერება. ექიმის თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ხელს უწყობს შეშუპების უფრო სწრაფად მოხსნას.