პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ რამდენიმე მოწინააღმდეგე დააკავა:რა ხდება ლისის ტბის ტერიტორიაზე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2023
გამოწერა
ტელეარხის ინფორმაციით, „თბილისი პრაიდმა“ ახლახან გაავრცელა განცხადება, რომ „ფესტივალის ევაკუაცია განხორციელდა და არცერთი მონაწილე ადგილზე არ იმყოფება“.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. პოლიციამ პრაიდ ფესტივალის გასაპროტესტებლად მიმავალი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
ტელეკომპანიის ცნობით, პრაიდის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენიმეჯერ მოხდა, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს.
ლგბტქი+ თემის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქტივისტები ვაჟა-ფშაველას გამზირზე დილიდან შეიკრიბნენ და გაემართნენ ლისის ტბისკენ, სადაც „პრაიდის კვირეულის“ დასკვნითი ფესტივალის ჩატარება იყო დაგეგმილი.
ახლა მათ ფესტივალის ჩატარების ადგილისგან ერთი ღობე და პოლიციის კორდონი ჰყოფს. პრაიდის მოწინააღმდეგეების ნაწილი ცდილობს ფესტივალის ჩატარების ადგილს შემოვლითი გზებით მიუახლოვდეს.
ფესტივალი, რომელიც ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე არის დაანონსებული, დაასრულებს „პრაიდის კვირეულს“ (Tbilisi Pride Week), რომელიც ორგანიზებულია ლგბტქი+ თემის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ.
პრაიდის მოწინააღმდეგეები ლისის ტბისკენ მიემართებიან - ვიდეო >>
გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა ზომას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ დასკვნითი ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის, აგრეთვე დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
ფესტივალი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო და იქ მხოლოდ ის შეძლებდა მოხვედრას, ვინსაც რეგისტრაცია წინასწარ ჰქონდა გავლილი.
ტელეარხის ინფორმაციით, „თბილისი პრაიდმა“ ახლახან გაავრცელა განცხადება, რომ „ფესტივალის ევაკუაცია განხორციელდა და არცერთი მონაწილე ადგილზე არ იმყოფება“.
„მოგვიწია ტერიტორიის დატოვება, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა და განხორციელდა ევაკუაცია სამარშრუტო ტაქსებით“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.
ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს და მისი ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა.
ლგბტ თემის უფლებების დამცველთა ღონისძიებას ნეგატიურად აღიქვამს საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ნებისმიერ მცდელობას, ჩატარდეს ღია ღონისძიება, კონტრაქციები და დაპირისპირებები სდევს თან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო სახელმწიფოს უკვე რამდენჯერმე დაავალა კომპენსაციის გადახდა ასეთ დაპირისპირებაში დაშავებული პირებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.
ყველა ახალი ამბავი
0