რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტის ფულის მითვისება - დაკავებულია სამი პირი

© photo: Sputnik / Stringerრესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
გამოწერა
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიში.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) რემონტისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილის მითვისების შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიში გახდა.
ყოფილ ფინანსურ დირექტორს და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება სსკ-ის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობისა და სამსახურებრივი სიყალბის მუხლებით წარედგინათ.
ასევე ყოფილ ფინანსურ დირექტორს ბრალდება წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.
როგორი იქნება განახლებული რესპუბლიკური საავადმყოფო: ჯანდაცვის სამინისტროს პროექტი>>
ინდივიდუალურ მეწარმეს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების მუხლებით წარედგინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სამიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საქმის დეტალები
გამოძიებამ დაადგინა, რომ კლინიკის ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა საავადმყოფოს შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომლის ახლო ნათესავი შეარჩია და მასთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს მისცა უკანონო დავალება, რომ ძველი თარიღებით შეედგინა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები.
ამგვარად, 2020–2021 წლებში კლინიკასა და ინდივიდუალურ მეწარმეს შორის გაფორმებული აღმოჩნდა შეთანხმებები დაახლოებით 3,1 მლნ ლარის თანხაზე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ კლინიკის ოთხ სართულზე.
გამოძიების მონაცემებით, ამის შემდეგ ბრალდებულებმა სამუშაოების ჩაბარებისა და შესრულების შესახებ ყალბი აქტები შექმნეს, რომლის მიხედვით მეწარმემ თითქოს შეასრულა 3,05 მლნ ლარის სამუშაოები და მას უკვე გადაურიცხეს 2,6 მლნ.
პროტესტი დასრულდა - რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს>>
საგამოძიებო ექსპერტიზამ დაადასტურა 2,5 მლნ ლარის სამუშაოების შესრულება, ხოლო სხვაობამ სამუშაოების ღირებულებასა და დოკუმენტებში მითითებულ თანხას შორის 580,1 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც ბრალდებულებმა უკვე მოასწრეს 143,9 ათასი ლარის მითვისება და დანარჩენი თანხის მითვისებასაც აპირებდნენ.
გარდა ამისა, გამოძიებამ კლინიკის რემონტის დროს თანხის მითვისების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, უზუსტობა აღმოჩნდა კლინიკასა და კომპანია „ნიუმშენის“ 2021 წლის შეთანხმებაში.
კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452,8 ათასი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელმა და „ნიუმშენის“ დირექტორებმა დაამზადეს და „საუნივერსიტეტო კლინიკას“ წარუდგინეს ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები.
ყალბი დოკუმენტების მიხედვით „ნიუმშენმა“ თითქოს შეასრულა კონტრაქტში მითითებული სამუშაოები და ამისთვის 362,3 ათასი ლარი მიიღო.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სამუშაოების ღირებულება სინამდვილეში იყო მხოლოდ 284,1 ათასი ლარი. დარჩენილი სხვაობიდან ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს „ნიუმშენის“ დირექტორები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 78 ათას ლარს და დარჩენილი 90 ათასი ლარის მითვისებაც აპირებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0