საქართველოს მთავრობამ ავიაციის სექტორის მოდერნიზაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2023
გამოწერა
პროგრამა საქართველოს ავიაბაზარს უზრუნველყოფს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პილოტებით და იმ გუნდით, რომელიც სამომავლოდ განახორციელებს საჰაერო გადაზიდვებს, განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ავიაციის სფერო უფრო მოდერნიზებული გახდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და გაძლიერებისკენ მიმართული ორწლიანი პროგრამის წყალობით, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობის ფარგლებში სპეციალურ პროგრამას იწყებს, რომლის განსახორციელებლად შესაბამისი მემორანდუმია გაფორმებული.
პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარებასა და დარგის მოდერნიზაციას.
პროექტი „პროფესიული განათლების პროგრამების გაძლიერება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში“ USAID-ს პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებშია დაფინანსებული.

„დღევანდელი პროექტი არის სანიმუშო თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც საქართველოს ავიაბაზარს უზრუნველყოფს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პილოტებით და იმ გუნდით, რომელიც სამომავლოდ განახორციელებს საჰაერო გადაზიდვებს“, – განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, შეუძლებელია პრიორიტეტები არ მიენიჭოს პროფესიულ განათლებას.
როფორც მიქანაძემ აღნიშნა, საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში აქვს მთელ მსოფლიოში გამორჩეული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გასული ხუთი თვის განმავლობაში თითქმის 6%-იანი ეკონომიკური ზრდაა, რაც იმ დინამიკაზე მეტყველებს, რომელიც სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.
„რა თქმა უნდა, ამ პროცესში ლოგიკურია, როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ, რათა პროფესიული განათლების სფეროში მაქსიმალურად გაიზარდოს მხარდაჭერა“, – აღნიშნა მიქანაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, აშშ-ის საელჩოს, USAID-ს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული უნარების სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.
ყველა ახალი ამბავი
0