სამშენებლო ამნისტიაზე განაცხადების შეტანის ვადა იწურება - კახა კალაძე

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2023
გამოწერა
სამშენებლო ამნისტიის მისაღებად, მერიაში განცხადებების წარმოდგენისთვის განსაზღვრული იყო ორი წელი, განაცხადა მერმა
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებული და სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განცხადებების წარმოდგენის ვადა 27 ივლისს იწურება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქალაქო მთავრობის სხდომაზე.
თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა იყო აშენებული პროექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში არ შევიდა, იმის გამო, რომ სამშენებლო კომპანიებმა, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, მშენებლობა კანონის დარღვევით აწარმოეს. შედეგად, იმის გამო, რომ შენობები ექსპლუატაციაში არ ჩაბარდა, მოსახლეობას უამრავი პრობლემა შეექმნა.
„ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ და მოგიწოდოთ, რომ ვისაც დღემდე არ გისარგებლიათ ამ უფლებით, შეაგროვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, 27 ივლისამდე შემოიტანეთ განცხადება მერიაში და მოითხოვეთ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სამშენებლო ამნისტიის მისაღებად, მერიაში განცხადებების წარმოდგენისთვის განსაზღვრული იყო ორი წელი.
კალაძის განცხადებით, არაკეთილსინდისიერი მშენებლების გამო ასეთ კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები ზარალდებიან, რადგან მათ ქონებას აქვს სტატუსი „მშენებარე ობიექტი“.
„ეს, კი რასაკვირველია, არ ქმნის საკუთრების სრულფასოვნებას და უფლებრივად ყოველთვის ნაკლიანი ქონებაა. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ეს შენობები არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, იქ მცხოვრებლები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და თავის მხრივ, ვერ სარგებლობენ მუნიციპალიტეტში არსებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სამშენებლო ამნისტია ამოქმედდა – თბილისის მერმა დეტალები განმარტა >>
მისი თქმით, მერიის ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა ორი წლის წინ განახორციელა ცვლილებები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“.
ამ ცვლილებების მიხედვით შესაძლებელი გახდა ექსპლუატაციაში მიღება ისეთი შენობა-ნაგებობების, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით.
„მაგალითად, დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და ა.შ. ამასთანავე, ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე იქვე დაზუსტდა, რომ ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით, უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღებულია 400-მდე ობიექტი, ხოლო მიმდინარე წარმოებაშია 700-ზე მეტი განცხადება.
ყველა ახალი ამბავი
0