ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში: საქართველოს 21-წლამდელები ნახევარფინალში ვერ გავიდნენ

© photo: Sputnik / StringerU21. საქართველო-ისრაელი
U21. საქართველო-ისრაელი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2023
გამოწერა
მეოთხედფინალის ბედი მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში გადაწყდა
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები თბილისში, ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში ანგარიშით 3:4 დამარცხდა.
პირველი ტაიმი სტუმრების უპირატესობით დაიწყო, რომლებიც არაზუსტი დარტყმებით მამარდაშვილის კარს უტევდნენ.
მე-15 წუთის შემდეგ თამაში გათანაბრდა. მე-20 წუთზე საქართველოს ნაკრებმა გაიტანა - თავი გიორგი გოჩოლეიშვილმა ისახელა. მაგრამ სამწუხაროდ ნორვეგიელმა არბიტრმა ესპენ ესკასმა გოლი არ ჩათვალა.
პირველი ტაიმი ანგარიშით 0:0 დასრულდა.
88-ე წუთზე დინამოელ სანდრო კალანდაძეს შეეძლო საქართველოს დაწინაურება, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. უკვე დამატებით დროში გიორგი გაგუას ჰქონდა შესანიშნავი მომენტი, კუთხურის შემდეგ, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა.
დამატებით 15-წუთიან ორ ტაიმშიც არც ერთი გოლი არ გასულა. მეოთხედფინალის ბედი მატჩის შემდგომ პენალტებში გადაწყდა. აქ კი სტუმრები უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ: გიორგი გაგუამ და საბა ხვადაგიანმა 11-მეტრიანები ვერ შეასრულეს.
გუნდის დახმარება ორჯერ შეეძლო გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ ბურთს ვერ მიწვდა.
ისრაელის ნაკრების მეტოქე ხვალინდელ მატჩში ინგლისსა და პორტუგალიას შორის გამოვლინდება.
საქართველო-ისრაელის მატჩს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატებისთვის მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა ესწრებოდა - 44.338 ადამიანი.
ევროპის 21 წლამდელთა ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით იმართება. მატჩები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ტარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს „ბათუმი არენა" უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0