რამდენი პატიმარია საქართველოში: ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2023
გამოწერა
პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,26% შეადგინა.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 ივნისის მონაცემებით, 9.291 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 335 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,26% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 2,6 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის: მათგან 55 ქალი და 14 არასრულწლოვანია. 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 82,6%-ით იყო შევსებული.
2023 წლის 1 ივნისისთვის განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 19,3%. მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ.
საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 22 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 57 პირი.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
2023 წლის 1 ივნისისთვის განაჩენს ელოდებოდა დაახლოებით 1,9 ათასი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 18 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 5 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. მათგან ძირითადი ნაწილი -ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 175 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.

უცხოელები საქართველოს ციხეებში

2023 წლის 1 ივნისისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 49 ქვეყნის 711 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 7,4%-ს შეადგენს.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა ქართულ საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 65 ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მეოთხედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

პატიმართა სიკვდილიანობა

საქართველოს ციხეებში 2023 წლის დასაწყისიდან სხვადასხვა დაავადების შედეგად 5 პატიმარი გარდაიცვალა.
ერთის გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტონიული კრიზი და ინსულტი გახდა, მეორის - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და გულის გაჩერება, ორის - სეფსისი და თირკმლის დაავადებები და ერთის - ტვინის ინფარქტი ცერებროვასკულარული დაავადების ფონზე.

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები

ციხეებში მყოფების გარდა, 23,3 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 85 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 359 უცხოელი 25 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. მათგან 28 ქალი და 3 არასრულწლოვანია.
წყარო - საქსტატი
ყველა ახალი ამბავი
0