პრემიერი: ხელისუფლებას ვერავინ აიძულებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2023
გამოწერა
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ატარებს ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ამიტომაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, როგორც ამას ოპოზიციონერები ითხოვდნენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.
პარასკევს ღარიბაშვილი დეპუტატების წინაშე საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.

„ჩვენ თავიდანვე საჯაროდ და ღიად ვთქვით, რომ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზარალებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს... ვერავინ გვაიძულებს შევცვალოთ ეს პოლიტიკა. ჩვენ მხოლოდ იმ პოლიტიკას გავაგრძელებთ, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიოში არცერთ ქვეყანას და თვით საქართველოსაც არ გამოუჩენია რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ზომების, მაგალითად, სანქციების გატარების ინიციატივა. ახლა ისინი, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და ახლა ოპოზიციაში არიან, ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, მათ შორის, ეკონომიკური სანქციების დაწესებას. ისინი ამას ითხოვენ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან.
„თქვენ გახსოვთ, როგორი კამპანია აწარმოეს ამ სანქციების შემოღებაზე. არ ვიცი რის მიღწევას ცდილობდნენ – ამით ომის მიღწევა, მეორე ფრონტის გახსნა და ქვეყნის დანგრევა სურდათ, როგორც ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „ომის პარტიას“ უწოდებს, საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობასა და ქვეყნის განადგურებაში დაადანაშაულა. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ეს არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეები.
თალაკვაძემ სანქციების საკითხზე სპეცწარმომადგენლების ვიზიტის შედეგები შეაჯამა>>>
პრემიერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, რასაც ოპოზიციონერები დაჟინებით მოითხოვდნენ, უპასუხისმგებლობა იქნება, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება.

„ე.წ. სანქციების და გარკვეული სახის შეზღუდვების დაწესება, ვაჭრობის, ეკონომიკის და ა.შ. ჩაკეტვა იქნებოდა სრული უპასუხისმგებლობა, უფრო მეტიც, ამას შეიძლება ეწოდოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების ღალატი. თუ ვინმე დაზარალდებოდა, ეს იქნებოდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო ორ წელიწადში საქართველოში 250 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი სიღარიბის დონე ქვეყანაში თითქმის ორჯერ შემცირდა – 2022 წელს 15,6% შეადგინა.
„როგორ ფიქრობთ, სად ვიქნებოდით დღეს, ეს ხალხი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ? როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ომი თავიდან ვერ აიცილეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ წინა ხელისუფლებამ ქვეყანას, ხალხს უბედურება მოუტანა და ტერიტორიები დააკარგვინა.
პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში პირველად, ქვეყანაში „რეალურად სუვერენული, დამოუკიდებელი პოლიტიკა“ ტარდება. ხელისუფლება თავისი მოქმედებებით ყოველდღიურად აძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტს, განაცხადა ღარიბაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
უკვე წელიწადზე მეტია, რაც ყოველდღიურად ოპოზიცია და პერიოდულად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებენ. თუმცა, 28 ივნისს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შეტანის თავიდან ასაცილებლად „საქართველოს ძალიან დიდი სამუშაო აქვს გაწეული".
ყველა ახალი ამბავი
0