ირაკლი ღარიბაშვილი ფოთის პორტის მფლობელს შეხვდა: განხილვის თემები

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2023
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ნავსადგურების ღიაობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას, მისი თქმით, ამ მიმართულებით APM Terminals-ის როლი განსაკუთრებულია.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპორტო ოპერატორ APM Terminals-ის აღმასრულებელ დირექტორს კის სვენდსენს შეხვდა, საუბრის თემა იყო საქართველოში სანავსადგურო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და APM Terminals-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე.
საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო მიმოსვლა დაიწყო >>
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ნავსადგურების ღიაობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. მისი თქმით, ამ მიმართულებით APM Terminals-ის როლი განსაკუთრებულია.
შეხვედრას APM Terminals Poti-ის მმართველი დირექტორი ხულიან ფერნანდესი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

ფოთის პორტი დღეს

ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს. მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.
ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.
2011 წლის აპრილში ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.
2013 წლის მაისში გაიხსნა წელიწადში 500.000 ტონა სიმძლავრის მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ხორბლის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტია. ამას მოჰყვა ახალი შიდა კონტეინერული ტერმინალი 2014 წელს.
ყველა ახალი ამბავი
0