პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოგვიწევს - ირაკლი კობახიძე

© courtesy of Georgian Dreamირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2023
გამოწერა
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოგვიწევს, მათ შორის, ტექნიკური მიზეზების გამო, აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტო, რომელიც მან საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით შესატან ცვლილებებს დაადო, გადალახული იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
26 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და პარლამენტს შესთავაზა, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეულ იქნენ ამჟამად არსებული წესით – არანაკლებ 90 ხმით (76-ის ნაცვლად). ამავე დროს პრეზიდენტი დავობს კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივის გადაცემაზეც.

„ჩვენ ყველა შემთხვევაში დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა, მათ შორის ტექნიკური მიზეზის გამოც. რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც უკავშირდებოდა ამ პროცედურას, უკვე ამოძრავებულია, შესაბამისად, ვეტო თუ არ დაიძლევა, გამოვა, რომ არ არსებობს უბრალოდ პროცედურა, რითაც მოხდება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა", – განაცხადა კობახიძემ.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინტერესია ცესკოში კრიზისის შექმნა.

„ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ საბოტაჟის ინტერესს იმაზე, რომ ცესკოში ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი", – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზადაა მოისმინოს არგუმენტები, მაგრამ უკვე ვეტოს დაძლევის შემდეგ.

„ამ ეტაპზე ვეტო არის დასაძლევი. ამის შემდეგ თუ იქნება რაიმე არგუმენტები, კონსულტაციების მოთხოვნა და ა.შ., ჩვენ ამ კონსულტაციებისთვის მზად ვართ", – განაცხადა კობახიძემ.

13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ნაცვლად ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ისვე შექმნის საკონკურსო კომისიასაც.
საბოტაჟის მცდელობა - მმართველ გუნდში პრეზიდენტის ვეტო შეაფასეს>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, რომელიც 2023 წლის 22 ივნისს გამოქვეყნდა, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პირობიდან ერთ-ერთი შეასრულოს, საარჩევნო კოდექსში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით შესწორებების შეცვლაა საჭირო.
ცვლილებების არსი
ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს. ის შექმნის ასევე საკონკურსო კომისიას.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელიც იქნება. საკანონმდებლო ორგანოსთვის კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი ეყრება პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.
იცვლება ასევე არჩევნების პროცედურა და კვორუმი. კერძოდ, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანდიდატებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე ხმათა უბრალო უმრავლესობით (76 ხმა), ისინი თანამდებობებს ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.
პრეზიდენტმა ვეტო დაადო: ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა დაიბლოკა>>
ამჟამად ცესკოს თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს დეპუტატების ხმათა 2/3-ით ხუთი წლის ვადით ირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა და მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა ჰყოფნის. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვეს შეადგენს.
2021 წელს ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტიდან პარლამენტი ვეღარ ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით.
ამ დროისათვის საქართველოს ცესკოს ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც 2022 წლის თებერვალში ექვსი თვით აირჩიეს. საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა მისი კანდიდატურის კიდევ ერთხელ წარდგენაზე, ხოლო პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში ჩავარდა.
ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას და მას მმართველი პარტიის მიერ ხელდასმულს უწოდებს. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ გაძლიერდა.
ყველა ახალი ამბავი
0