საბოტაჟის მცდელობა - მმართველ გუნდში პრეზიდენტის ვეტო შეაფასეს

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2023
გამოწერა
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო ცესკოს წინააღმდეგ საბოტაჟის მცდელობაა, რომელსაც დავძლევთ, განაცხადეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.
26 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ეხება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის შეცვლას. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეულ იქნენ ამჟამად არსებული წესით – არანაკლებ 90 ხმით. საპარლამენტო უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში 86 ხმა აქვს.

„სინამდვილეში ეს არის არა ვეტო, არამედ პრეზიდენტის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი ინსტიტუტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოტაჟი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა ოპოზიციის ნარატივი უწოდა პრეზიდენტის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ არჩევისთვის მაღალი კვორუმი შეამცირებს პოლარიზაციას.

„საზოგადოებამ იხილა, რომ 90 ხმით არჩევა, პირიქით, პოლარიზებას უწყობდა ხელს. ჩვენ ვნახეთ არგუმენტებისგან დაცლილი რადიკალიზაციის მცდელობები ოპოზიციის მხრიდან და ახლა პრეზიდენტი ზუსტად მათ ნარატივს არის აყოლილი", – განაცხადა დეპუტატმა.

თავის მხრივ, დეპუტატმა ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება – ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და, ვფიქრობ, ჩვენ მას დავძლევთ", – განაცხადა დავითულიანმა.

მისი თქმით, თავის დროზე საქართველოს პარლამენტმა სწორედ ოპოზიციასთან უთანხმოების გამო ვერ დაამტკიცა ცესკოს თავმჯდომარე და ამიტომაც მოუწია კანონში ცვლილებების შეტანა.
13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ნაცვლად ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და თავადვე შექმნის საკონკურსო კომისიასაც.
ცვლილებების არსი
ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს. ის შექმნის ასევე საკონკურსო კომისიას.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელიც იქნება. საკანონმდებლო ორგანოსთვის კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი ეყრება პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.
პრეზიდენტმა ვეტო დაადო: ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა დაიბლოკა>>>
იცვლება ასევე არჩევნების პროცედურა და კვორუმი. კერძოდ, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანდიდატებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე ხმათა უბრალო უმრავლესობით (76 ხმა), ისინი თანამდებობებს ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.
ამჟამად ცესკოს თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს დეპუტატები ხმათა 2/3-ით ხუთი წლის ვადით ირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა და მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა ჰყოფნის. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვეს შეადგენს.
2021 წელს ამ ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტიდან პარლამენტი ვეღარ ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით.
ამ დროისათვის საქართველოს ცესკოს ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც 2022 წლის თებერვალში ექვსი თვით აირჩიეს. საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა მისი კანდიდატურის კიდევ ერთხელ წარდგენაზე, ხოლო პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში ჩავარდა.
ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას და მას მმართველი პარტიის მიერ ხელდასმულს უწოდებს. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ გაძლიერდა.
ყველა ახალი ამბავი
0