„მაქსიმუმს გავაკეთებთ“ - ირაკლი კობახიძემ დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2023
გამოწერა
ეს პუნქტი ვერ შესრულდება, თუ ოპოზიცია არ გადადგამს ნაბიჯებს დერადიკალიზაციისკენ, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს ევროპული საბჭოს 12 პირობიდან ერთ-ერთის - ქვეყანაში დეპოლარიზაციის მისაღწევად, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსი მიიღოს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„როდესაც პრეზიდენტი იწყალებს პოლარიზაციის მთავარ წყაროს, რა თქმა უნდა, ამით ღვივდება პოლარიზაცია. შესაბამისად, ჩვენს ხელში არ არის ამ პუნქტის შესრულება. ჩვენ შეიძლება ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს პუნქტი ვერ შესრულდება, თუ ოპოზიცია არ გადადგამს ნაბიჯებს დერადიკალიზაციისკენ.
რაც შეეხება კიდევ ერთი პუნქტის - დეოლიგარქიზაციის - შესრულებას, „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პოზიციას ელოდება. ამ დროისთვის კანონი ორი მოსმენით არის მიღებული.
„მესამე მოსმენით ჯერჯერობით არ ვიღებთ, დაველოდებით დეკემბრის ევროპული საბჭოს პოზიციას და ამის შემდეგ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. თუ ამა თუ იმ ფორმით მოიხსნება ეს საკითხი 12 პუნქტიდან, ევროკავშირის დღის წესრიგიდან, ჩვენ ამ კანონს არ მივიღებთ, მაგრამ თუ დარჩება ძალაში მოთხოვნა დეოლიგარქიზაციის თაობაზე, რაც თავისთავად ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას - ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს კანონის მიღება, თუმცა დეკემბრამდე ეს საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე: ნიკა გვარამიას შეწყალებამ პოლარიზაცია გააძლიერა >>
ხუთშაბათს ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ წარადგინა ევროკომისიის ზეპირი ანგარიში იმის შესახებ, თუ რა სამუშაო შეასრულეს საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12-დან სამი პირობა შეასრულა, შვიდი მიმართულებით არის გარკვეული პროგრესი.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0