შსს: რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის აუცილებლობა არ არის

© photo: Sputnik / Stringerშსს
შსს - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2023
გამოწერა
საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სიტუაცია მშვიდია და მგზავრთა ან ტრანსპორტის ნაკადების ზრდა არ ფიქსირდება, აღნიშნეს უწყებაში
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მისი დახურვის აუცილებლობა არ არის, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოპოზიციამ ხელისუფლებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისკენ მოუწოდა რუსეთის ფედერაციაში შექმნილი ვითარების გამო. მანამდე პრეზიდენტმა რუსეთიდან მიგრანტების ახალი ტალღის მოსალოდნელი ნაკადის გამო საზღვარზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სიტუაცია მშვიდია და მგზავრთა ან ტრანსპორტის ნაკადების ზრდა არ ფიქსირდება.
„24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო-რუსეთის საზღვარი ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს >>
გასულ ღამეს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განცხადება, რომ ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციას წარმოადგენს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროშიც განაცხადეს. ფედერალური სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ფაქტზე აღძრა (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლი).
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის მიმართვაში რუსეთის მოქალაქეებისადმი განაცხადა, რომ ყველა მეამბოხეს გარდაუვალი სასჯელი ელის, ისინი პასუხს აგებენ კანონისა და ჩვენი ხალხის წინაშე.
ყველა ახალი ამბავი
0