პროკურატურა ბადრი ესებუასთვის დღეს გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2023
გამოწერა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად და სახედ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თავად ესებუა განაჩენს არ ეთანხმება, რის შესახებაც სასამართლო დარბაზის დატოვების დროს განაცხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბანკზე თავდასხმის დღეს სახლში იყო, მიმალვა კი საფრთხის გამო გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა, ბრალდების მხარე კი — წარდგენილი მუხლებით გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ და მაქსიმალურ სასჯელს.
გამოძიების მასალების თანახმად, შეიარაღებული ბადრი ესებუა ზუგდიდის „საქართველოს ბანკის“ ფილიალის შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ესებუამ 500 ათასი აშშ დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0