პრემიერმა კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა

© courtesy of Irakli Garibashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2023
გამოწერა
ღარიბაშვილის თქმით, კიბერუსაფრთხოება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და გადამწყვეტია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური რიგით მეორე „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“-ის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოების საკითხების პროფესიონალურ და საფუძვლიან განხილვას.

„კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა... მას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აქვს კრიტიკული მნიშვნელობა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს, როგორც ეკონომიკური ჰაბის ერთ-ერთ ფუნქციას ციფრული ჰაბის როლი წარმოადგენს.
„ჩვენ ვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას და ასევე ტექნოლოგიურ კავშირებს ევროპასთან და ეს ფორუმიც ამ თემისადმი მთავრობის ყურადღების ერთ-ერთი გამოხატულებაა“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში კიბერუსაფრთხოების როლზე. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება, ქვეყნის ეკონომიკა, განათლების სისტემა, სახელმწიფო სერვისები, მთავრობის საქმიანობა თუ რიგითი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ციფრულ ტექნოლოგიებთან.
„საქართველო ტექნოლოგიურად განვითარებული სამყაროს ნაწილია და მსგავსი კიბერსაფრთხეების წინაშე დგას. ბუნებრივია, ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და, შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ისე ბიზნესისა თუ მთლიანად საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კიბერუსაფრთხოება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მთავრობა ამ კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს როგორც ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით, აღნიშნა პრემიერმა.
ყველა ახალი ამბავი
0