მაღაროელთა პროტესტი - აქციის მონაწილეებმა თბილისში მსვლელობა გამართეს

© photo: Sputnik / Stringerგაფიცული მაღაროელების მსვლელობა
გაფიცული მაღაროელების მსვლელობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2023
გამოწერა
მაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა თბილისში, პარლამენტის შენობიდან ალექსიძის ქუჩაზე მდებარე კომპანია Georgian Manganese Holding-ის სათაო ოფისამდე მსვლელობა გამართა, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი ადგილიდან.
საპროტესტო აქცია ჭიათურაში მე-15 დღეა გრძელდება. საწარმოო პროცესი მთლიანად შეჩერებულია. გუშინ რამდენიმე გაფიცული მაღაროელი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად ჩამოვიდა. მათ პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობისგან ხელფასის 20%-ით გაზრდას მოითხოვენ, მაშინ, როცა კომპანია მათ ხელფასების მხოლოდ 5%-ით გაზრდას ჰპირდება.
მაღაროელთა თქმით, ისინი განცხადებას მსვლელობის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
მსვლელობის დასრულების შემდეგ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია პარლამენტის შენობის წინ 18:00 საათზე განახლდება. ამასთან, აქციის მონაწილეებმა პოლიტიკოსებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საპროტესტო გამოსვლებისგან.
მაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.
მეშახტეების მოთხოვნა ხელფასის 20%-იანი გაზრდის თაობაზე ალოგიკურია - კომპანიის პასუხი>>>
მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან შექმნან ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩართული იქნება ყველა მხარე – დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, შუამავალი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, იმერეთის გუბერნატორი და პროფკავშირები.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი წარმოების დროული განახლებაა.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.
ყველა ახალი ამბავი
0